მოკლე ინფორმაცია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი წიგნსაცავია. ბიბლიოთეკის უნივერსალური ფონდი შედგება სასწავლო, სამეცნიერო და მხატვრული გამოცემებისგან. მათ შორისაა ისეთი უნიკალური (რარიტეტული) გამოცემები, რომელთა  უმრავლესობა მხოლოდ აქაა დაცული და უიშვიათეს ეგზემპლარებს წარმოადგენს, კერძოდ, დაცულია XVIII, XIX და XX საუკუნეების ტექნიკური, საინჟინრო და ჰუმანიტარული სპეციალობის ქართული, ევროპული და ამერიკული გამოცემები.
 
ფონდში ასევე დაცულია ფრანგული, გერმანული, რუსული და ინგლისური საინჟინრო და საისტორიო ხასიათის პერიოდული გამოცემები, რომლებიც ფასდაუდებელია ტექნიკის (და არა მხოლოდ) ისტორიის განვითარების უწყვეტი პროცესის  წარმოსადგენად. ამავე ფონდში შეხვდებით ბროკგაუზისა, ლარუსის,  გრანტის უნიკალურ ენციკლოპედიებს.
 
ბიბლიოთეკის წიგნსაცავში დაცული ლიტერატურა  ქართულ, ინგლისურ, რუსულ, გერმანულ, ფრანგულ და სხვა ენებზეა დაწერილი. მათი საერთო ოდენობა 2321429 საბიბლიოთეკო ერთეულს შეადგენს, რომელთა შორის 1748631 წიგნია, ხოლო 526767 ეგზემპლარი - პერიოდული გამოცემა. ბიბლიოთეკის ფონდის მნიშვნელოვანი ნაწილია წიგნებისა და ჟურნალების ელექტრონული ბაზა, რომელიც 9000 საბიბლიოთეკო ერთეულს მოიცავს.
 
სტუ-ს ცენტრალური ბიბლიოთეკა გაწევრიანებულია ბიბლიოთეკათა გაერთიანებულ კატალოგში (http://opac.library.ac.ge/), რისი საშუალებითაც შესაძლებელია, უნივერსიტეტიდანვე მოვიძიოთ ჩვენთვის სასურველი ინფორმაცია ამა თუ იმ გამოცემის მთელ ფონდში არსებობის შესახებ.