საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ინოვაციის დასახელება: ბაზალტის ძაფით არმირებული აირბალონების დამზადების ტექნოლოგია
 
მოკლე ანოტაცია: ცნობილია, რომ მსოფლიოში მოსაპოვებელი ლითონების მარაგი თანდათანობით მცირდება. შესაბამისად მიმდინარეობს ალტერნატიური მასალების ძიება. კვლევებმა აჩვენეს, რომ ერთ-ერთ ეფექტურ მიმართულებას წარმოადგენს ბოჭკოვანი კომპოზიციური მასალების შექმნის და გამოყენების ტექნოლოგიების განვითარება. მათ შორის განსაკუთრებულია ბაზალტის ბოჭკოზე დაფუძნებული მასალები.
სტუ-ში შექმნილია ბაზალტის ძაფით არმირებული აირბალონების დამზადების ტექნოლოგია და შესაბამისი დანადგარები.
პოლიმერული ბალონების დამზადებისათვის, საწყის მასალად, გამოიყენება საქართველოში წარმოებული პროდუქცია.
აირბალონები ფართოდ გამოიყენება მშენებლობაში, სამედიცინო დაწესებულებებში, ავტომობილებში, სახანძრო დაცვისათვის და სხვ. პოლიმერული ბალონები ლითონის ბალონებთან შედარებით 2_2,5-ჯერ მსუბუქია და ექსპლუატაციისას გამოირჩევა მაღალი უსაფრთხოებით.
 
ინოვაციის დასახელება: ციფრული კლავიატურა
მოკლე ანოტაცია: გამოგონება განეკუთვნება კომპიუტერული ტექნიკის დარგს და გამოიყენება როგორც  დიდ, ასევე ჯიბის კომპიუტერებში, აგრეთვე მობილურ ტელეფონებში. ვინაიდანKკომპიუტერული ტექნოლოგიები უფრო და უფრო კომპაქტური ხდება, არსებობს საჭიროება კლავიატურის დაპატარავებისა, ამავე დროს მასზე მუშაობა ძალიან კომფორტული უნდა იყოს. გამოგონება შექმნილია ღილაკებზე დაუხედავად ორი თითით ბეჭდვისათვის. ავტორის მიერ დამუშავებული ციფრული კლავიატურა შეიცავს მყარ ზედაპირზე დამონტაჟებულ ღილაკებს შემდეგი ფუნქციებით: თუ დავაჭერთ ერთ ღილაკს, აიკრიფება ერთი სახის ასო, თუ დავაჭერთ მეორე ღილაკს, აიკრიფება მეორე სახის ასო, თუ აღნიშნული ღილაკებიდან ორთავე იქნება დაჭერილი, აიკრიფება მესამე სახის ასო, განსხვავდება იმით, რომ შეიცავს აღნიშნული ფუნქციით ღილაკებს, რომლებიც  დამონტაჟებულები არიან ისეთნაირად, რომ მიეკუთვნებიან ღილაკთა სხვადასხვა დაჯგუფებებს.  
 
ინოვაციის დასახელება: სამდონიანი აქსელერატორი
 
მოკლე ანოტაცია: გამოგონება განეკუთვნება მექანიკა_მანქანათმშენებლობის დარგს და შეიძლება გამოყენებულ იქნეს ძრავის სამართავად. ისეთ ავტომობილებში, რომელთაც ავტომატური გადაცემათა კოლოფი აქვს. გამოგონება აგრეთვე შეიძლება გამოყენებულ იქნეს ისეთ ავტომობილებში, რომელთაც გადაცემათა უსაფეხურო კოლოფი აქვთ.
აქსელერატორზე დაჭერისას,  გადაცემათა კოლოფის მუშაობის რეჟიმი ორჯერ იცვლება, რაც იწვევს ავტომობილებში საწვავის ხარჯის შემცირებას,  მანევრულობის და კომფორტულობის გაზრდას.
 
ინოვაციის დასახელება: მოქნილი საწარმოო სისტემების საიარაღო უზრუნველყოფა
 
მოკლე ანოტაცია: სამუშაო შეეხება დამმუშავებელი ცენტრების საიარაღო აღჭურვილობას, კერძოდ პროგრამულად მართვად პლან - სუპორტულ საიარაღო თავებს, რომელთა გამოყენებით შესაძლებელია კორპუსული ტიპის დეტალებზე შიგა, გარე და ტორსული ბრუნვის სხეულის ტიპის ნებისმიერი პროფილის ზედაპირების დამუშავება.
დამზადებულია პლან - სუპორტული პროგრამულად მართვადი საიარაღო თავის ორგინალური კონსტრუქცია, რომელიც შედგება თავად პლან - სუპორტული თავის, ამძრავის ბლოკისა და მართვის ბლოკისაგან. კონსტრუქცია გამოცდილ  იქნა და ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ პლან - სუპორტული თავი უზრუნველყოფს დამუშავებას სიზუსტის  6 - 7 კვალიტეტით.
 
ინოვაციის დასახელება: პრეცეზიული მიკროიარაღების და ტექნოლოგიური აღჭურვილობის პროექტირება და წარმოება
 
მოკლე ანოტაცია: თანამედროვე დონის რადიოელექტრონული აპარატების და მცირეგაბა­რიტ­უ­ლი ელექტრონული კვანძების წარმოებისათ­ვის მაღალი კრიტერიუმების უზრუნველყოფა მოითხოვს თანამედროვე კონსტრუქციებისა და ახალი გეომეტრიის მქონე მჭრელი იარაღების შექმნის აუცილებლობას.
ავტორების მიერ მიმდინარეობს სხვა და სხვა გეომეტრიის სწრაფმჭრელი ფოლადებისა და სალი შენადნობების სპირალურღარიანი მჭრელი იარაღების, ახალი ტიპის სამარჯვების მეცნიერულად შესწავლა, შემდგომ საცდელი პარტიების დამზადება და მათი საბოლოო გამოცდა. ახალი კონსტრუქციის ბურღები, ძირითადად, იხმარება ელექტრონულ წარმოებაში ფართოდ გამოყენებული ნაბეჭდი ფილების გასაბურღად. ასევე შესაძლებელია მათი ექსპლუატაცია ძნელად დასამუშავებელი ლითონების, მსუბუქი ლითონების და სხვადასხვა ტიპის მასალების დასამუშავებლად.
ინოვაციის დასახელება: ბოჭკოვანი პოლიმერული კომპოზიტების გამოყენებით ნაკეთობების დამზადების ტექნოლოგიები
 
მოკლე ანოტაცია: ბოჭკოვანი მასალებისა და პოლიმერული ფისების ერთობლიობით შექმნილი კომპოზიციური მასალები ფართო გამოყენებას პოულობს თანამედროვე მრეწველობაში. ეს განპირობებულია ბოჭკოვანი პოლიმერული კომპოზიტების თვისებებით, ფოლადების სადარი სიმტკიცითა და მათთან შედარებით რამდენჯერმე დაბალი მასით. A შექმნილია ტექნოლოგია და სპეციალური დანაგარები პოლიმერული საავტომობილო გაზის ბალონების დასამზადებლად ბაზალტის ბოჭკოს გამოყენებით.
 
ინოვაციის დასახელება: ცვალებადი გეომეტრიის საჰაერო ხრახნების კონსტრუირება, დამზადება და გამოცდა
 
მოკლე ანოტაცია: დღემდე არსებული მუდმივი გეომეტრიული პარამეტრების მქონე საჰარო ხრახნები ვერ უზრუნველყოფს ფრენის მთელი პერიოდის ოპტიმიზაციას, რადგანაც ფრენის სხვადასხვა რეჟიმში საჰაერო ხრახნს ესაჭიროება სხვადასხვა მნიშვნელობის გეომეტრიული პარამეტრები.
აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტა განსაკუთრებით ეფექტური იქნება  ვერტიკალურად ამფრენ-დამფრენი თვითმფრინავებისთვის. აღნიშნულ საფრენ აპარატებზე ცვალებადი გეომეტრიის საჰაერო ხრახნების გამოყენება საშუალებას მოგვცემს მათში შერწყმულ იქნეს თვითმფრინავების და ვერტმფრენების ყველა დადებითი თვისება. მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარა ამ მიმართულებით ავტორთა სამეცნიერო ჯგუფმა. შექმნილი და დაპატენტებულია საჰაერო ხრახნებისა და მისი ცალკეული კვანძების ახალი კონსტრუქციები, აგრეთვე დიამეტრისა და ფრთების გრეხილობის ცვლილების საინტერესო მექანიზმები, რომლებიც გამოცდილია, როგორც სტატიკური, ასევე დინამიკური კვლევების სტენდებზე.
 
ინოვაციის დასახელება: ზესალი და მყიფე,  ძნელად დასამუშავებელი არალითონური მასალების პრეციზიული დამუშავება
 
მოკლე ანოტაცია: აღნიშნულ სამეცნიერო მიმართულებას საფუძვლად უდევს ალმასურ-აბრაზიული დამუშავების ორიგინალური მეთოდი, რომელსაც პირობით ეწოდა დაბალტემპერატურიანი პრეციზიული ხეხვა. შექმნილია აღნიშნული მეთოდით მომუშავე სპეციალური ჩარხები, რომლებიც დაინერგა მრეწველობის სხვადასხვა დარგებში, აგრეთვე გაიყიდა ლიცენზიები საფრანგეთში, იაპონიაში და კუბაში. მიღებულია მრავალი პატენტი და საავტორო მოწმობა. შემუშავებულია და დანერგილია მაღალეფექტური ტექნოლოგიური პროცესები ისეთი მასალების ნაკეთობების დასამზადებლად, როგორებიცაა: მონოკრისტალები, ნახევარგამტარები, ოპტიკური მინა, საიარაღო და საკონსტრუქციო კერამიკათა ჯგუფები, ზესალი კომპოზიტები – ალმასი, ნანოფხვნილების ბაზაზე მიღებული განსაკუთრებით ძნელად დასამუშავებელი კომპოზიტი [ალმასი+SiC+Si].  
 
ინოვაციის დასახელება: ნანომილაკების დალექვის ტექნოლოგია
 
მოკლე ანოტაცია: ლაზერული ტექნოლოგიური მომხმარებელია თანამედროვე წარმოების ფართო სპექტრი, სადაც  გამოიყენება ლაზერული დანადგარები და პროგრესული ლაზერული ტექნოლოგიები. როგორიცაა მანქანათმშენებლობა, სამედიცინო, საიუველირო, ხის დამუშავება, მეტროლოგია  და ა.შ.
ლაბორატორიაში შემუშავებულია ნანომილაკების დალექვის ტექნოლოგია,
რომელიც ხორციელდება ნახშირბადშემცველი ნივთიერებების აირის ფაზაში გადაყვანით ფუჟვადი განმუხტვის იონიზაცის მეშვეობით.   
დაგეგმილია ექსპერიმენტული მიკროტალღური გენერატორის შექმნა, რომელიც პლაზმურ გარემოში უზრუნველყოფს ნივთიერების მაღალმწარმოებლურ დაშლას და იონიზაციას, შესაბამისად, მაღალხარისხიანი მასალების მიღებას.
 
ინოვაციის დასახელება: ზემოკლე იმპულსური ტექნოლოგიური ლაზერის დანადგარის ტექნიკური პროექტი 
 
მოკლე ანოტაცია: შემუშავებული და დაპროექტებულია: დატუმბვის, ოპტიკური რეზონატორის, პარამეტრების კონტროლის, ფოკუსირების და ლაზერული დანადგარის მართვის ახალი სისტემები.
ლაზერული დანადგარის გამომავალი პარამეტრების ფართო დიაპაზონში მართვა უზრუნველყოფს ლაზერული დამუშავების ტექნოლოგიურ  მრავალსახეობას.
 
ინოვაციის დასახელება: ბიმეტალური მჭრელი იარაღების დამზადების ტექნოლოგია
 
მოკლე ანოტაცია: დამუშავებული ბიმეტალური მჭრელი იარაღების დამზადების ტექნოლოგია; ბიმეტალური: ბოლოვანა ფრეზები, ზენკერები, საფართები, საწელავები. ტექნოლოგია იძლევა სწრაფმჭრელი ფოლადის მნიშვნელოვან ეკონომიას.
 
ინოვაციის დასახელება: მეტალურგიული მრეწველობისათვის ფოლადებისა და შენადნობების ცხელ მდგომარეობაში დამუშავების ტექნოლოგიები
 
მოკლე ანოტაცია: როტაციული რანდვის მეთოდის საფუძველზე შექმნილია ჩარხი, რომელიც 10-15-ჯერ ზრდის წარმადობას ე.წ. “ადიუსტაჟის” ოპერაციებზე მეტალურგიულ ქარხნებში. პროცესი და ჩარხი დაპატენტებულია რიგ განვითარებულ ქვეყნებში: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იაპონია. მომხმარებლებია მეტალურგიული ქარხნები.
 
ინოვაციის დასახელება: პლაზმურ-რკალური დამუშავების პროცესები მანქანათსაშენ და მეტალურგიულ წარმოებაში. ბრუნვითი ნამზადების პლაზმურ-რკალური ზედაპირული ჭრა
 
მოკლე ანოტაცია: პლაზმურ - რკალური ზედაპირული ჭრა გამოიყენება სალი და მხურვალმტკიცე ნამზადების ახარატებისათვის, როდესაც მოსაჭრელი ფენის სისქე 10 _ 15მმ-ის ფარგლებში იცვლება, ან თუ ნამზადების გეომეტრიული ფორმა ელიფსური ან კონუსურია. ეს მეთოდი ეკონომიკურად გამართლებულია იმ შემთხვევაში, როდესაც ხარისხობრივი ფოლადების მწარმოებელ მეტალურგიულ ქარხნებში სხმულების ან ნაგლინი ნამზადების მიღების ტექნოლოგიურ ციკლში გათვალისწინებულია წინამდებარე ოპერაციის მიერ დატოვებული დეფექტური ფენის მოხსნა.
 
 
ინოვაციის დასახელება: ბრუნვითი ნამზადების დამუშავების პლაზმურ-მექანიკური მეთოდი
 
მოკლე ანოტაცია: პლაზმურ-მექანიკური ჭრა დამუშავების კომბინირებული მეთოდია. წინასწარი გახურებით ჭრა გამოიყენება სალი და რთულად ლეგირებული შენადნობების დასამუშავებლად, რომლის დროსაც მწარმოებლურობა 5-10-ჯერ იზრდება.
 
ინოვაციის დასახელება: ფურცლოვანი მასალების სწორხაზობრივი და კონტურული ჭრა
 
მოკლე ანოტაცია: პლაზმურ-რკალური განმაცალკევებელი ჭრის პროცესი გამოიყენება ფურცლოვანი მასალებისაგან ნამზადების მისაღებად. პროცესი საშუალებას იძლევა დაიჭრას როგორც შავი, ასევე ფერადი ლითონები, რომლის მწარმოებლურობა რამდენჯერმე აღემატება ავტოგენური ჭრის პროცესს. პლაზმურ-რკალური მეთოდით შეიძლება მიღებულ იქნეს ნებისმიერი სისქის ნამზადები 100 მმ-ის ჩათვლით. ჩატარებული კვლევებით დადგენილია ოპტიმალური ჭრის რეჟიმები სიჩქარისა და დენის ძალაზე დამოკიდებულებით, შესწავლილია განაჭერი ზედაპირის სიმქისე და ფიზიკურ-მექანიკური თვისებები. შემუშავებულია პრაქტიკული რეკომენდაციები წარმოებაში მის დასანერგავად.
 
ინოვაციის დასახელება: ნამზადების პლაზმურ-რკალური ჩაწმენდა-დაწახნაგება
 
მოკლე ანოტაცია: პლაზმურ-რკალური ჩაწმენდის დროს ნამზადის მთელ სიგრძეზე იხსნება გარკვეული სიღრმის ფენა (სექტორი). სექტორული ზედაპირის მრავალჯერადი პწკაროვანი ჩასუფთავებით შესაძლებელია ცილინდრული ნამზადის სრული დამუშავება. ასეთი დამუშავების დადებით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ პლაზმური ჭავლი (ნაკადი) მცირე დროის განმავლობაში ეხება ნამზადის ზედაპირს, არ ხდება მისი ზედმეტი გადახურება, რაც გამორიცხავს შიგა ძაბვების წარმოქმნას და თერმული ბზარების განვითარებას, პროცესისათვის შერჩეულია დამუშავების ოპტიმალური ( ) რეჟიმები. შესწავლილია პლაზმის მოქმედების ზონაში ზედაპირის სიმქისე და სტრუქტურული ცვლილებები.
 
ინოვაციის დასახელება: მილების გლინვის ნაკადურ ხაზში დეფექტური ბოლოების ცხელ მდგომარეობაში ჩამოჭრა
 
მოკლე ანოტაცია: შექმნილია პროცესი და დანადგარი, რომლის მეშვეობით მიმდინარეობს მილების დეფექტური ბოლოების ცხელ მდგომარეობაში ჩამოჭრა. ჭრა მიმდინარეობს ბურბუშელის წარმოქმნის გარეშე.
 
ინოვაციის დასახელება: ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სარეაბილიტაციო    მოწყობილობების კონსტრუქციათა კვლევა და დამზადება
 
მოკლე ანოტაცია: საქმიანობა ნებადართულია საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს  მიერ. მიღწეული და დანერგილია ისეთ დაავადებათა სრული რეაბილიტაციის ეფექტი, როგორებიცაა: ოსტეოქონდროზი, დისკოზი, პროტრუზია, თიაქარი  და მათგან მომდინარე ნევრალგიები თუ დამბლის საწყისი ფორმები.  ამასთან, მეთოდი გამოიყენება ხერხემლის ნებისმიერ ზონაში. 2001 წელს  თბილისის გამოფენაზე მსოფლიო   ბანკმა, გამოგონებას, სპეციალური პრიზი მიანიჭა. ჯანმრთელობის რეაბილიტაციის დრო  დღეისათვის შეადგენს  30 დღეს.
 
 
ინოვაციის დასახელება: მექანიკური დამუშავების ტექნოლოგიური პროცესების კვლევა და ოპტიმალური პირობების დადგენა
 
მოკლე ანოტაცია: დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს ძნელად დასამუშავებელი მასალების - ფოლადების, ახალი მარკის მანგანუმიანი თუჯების მექანიკური ჭრით დამუშავების რეჟიმების კვლევას და ოპტიმალური პირობების დადგენას.
უზრუნველყოფილია, როგორც ახალი ლითონის კონსტრუქციების დაპროექტება, ასევე მათი დეტალების დამზადება, აწყობა, გამართვა და გამოცდა.
 
ინოვაციის დასახელება: ნავსადგური
 
მოკლე ანოტაცია: გამოგონება განეკუთვნება საზღვაო პორტის ჰიდროტექნიკურ მოწყობილობათა სფეროს. მისი დანიშნულებაა გემის ბაქანთან მიდგომის, მის გასწვრივ გადაადგილებისა და პორტიდან გასვლის პროცესის გაუმჯობესება. ყოველივე ეს შემდეგი სქემით წარიმართება: გემი გაივლის საკონტროლო დერეფანს და მისაღებ პორტალს, მიადგება ბაქანს და გადაადგილდება მისადგომი ხაზის გასწვრივ განლაგებულ თვლებზე - ბაქნის ბოლომდე, საიდანაც გავა აკვატორიაში საკუთარი სვლით, ბუქსირის გარეშე.
 
ინოვაციის დასახელება: მერქნის  დასამუშავებელი რთულპროფილიანი იარაღები და საიარაღო კომპლექტები საცვლელი დანებით
 
მოკლე ანოტაცია: საუკეთესო  ხარისხის მერქნის ნაკეთობათა დასამზადებლად აუცილებელია, როგორც სათანადო მოწყობილობა-დანადგარები, ასევე სპეციალური საიარაღო აღჭურვილობა. აღნიშნული პრობლემის გადაჭრის მიზნით შემუშავებულია მერქნის ნაკეთობათა სპეციალური პროფილების მიღების ტექნოლოგიური პროცსები, გაკეთებულია სპეციალური იარაღის კონსტრუქციისა და მჭრელი პროფილის გაანგარიშება. შექმნილია მათი დამზადების ტექნოლოგიისა და წარმოების რეგლამენტის ყველა ძირითადი კომპონენტი