რამაზ ხუროძე

რამაზ ხუროძე
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი , საქართველოს
მეცნიერებათა აკადემიის წევრ კორესპონდენტი - პროფესორი

 რამაზ ხუროძე დაიბადა თბილისში, 1944 წლის 9 ნოემბერს. 1961 წელს მან ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისის 55-ე საშუალო სკოლა და ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტზე. მან ინსტიტუტი წარჩინებით დაამთავრა 1966 წელს.


სამუშაო გამოცდილება

1966 წელს რამაზ ხუროძემ მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. 1972 წელს მოსკოვში სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის მართვის პრობლემების ინსტიტუტის ასპირანტურაში ჩაირიცხა. 1975 წელს გამოთვლითი ტექნიკის დარგში ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის, ხოლო 1997 წელს ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად დაიცვა დისერტაცია.

ასპირანტურის დამთავრების შემდეგ 1972-1981 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი და ასრულებდა აკადემიის პრეზიდიუმის გამოთვლითი ტექნიკის კომისიის სწავლული მდივნის მოვალეობას. 1978-1979 წლებში სამეცნიერო მივლინებით კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (აშშ) იმყოფებოდა.

1981-1982 წლებში იგი მართვის სისტემების ინსტიტუტის მეცნიერული გამოკვლევების ავტომატიზაციის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. პარალელურად კითხულობდა ლექციებს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტზე. 1982 წლიდან რ. ხუროძე საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მეცნიერების და სასწავლო დაწესებულებების განყოფილების ინსტრუქტორად, 1986-1987 კი წლებში საქართველოს კპ თბილისის კომიტეტის მეცნიერებისა და სასწავლო დაწესებულებების განყოფილების ხელმძღვანელად მუშაობდა. 1987-1988 წლებში საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების მინისტრის პირველი მოადგილე, 1988-1991 წლებში – საქართველოს სახალხო განათლების მინისტრის მოადგილე იყო. 1991 წელს დაინიშნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრორექტორად კადრებისა და კომერციული საქმიანობის დარგში. იმავე წელს არჩეულ იქნა ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრის დოცენტად. 1993 წელს პროფესორის წოდება მიენიჭა.

1994 წელს რ. ხუროძე უნივერსიტეტის დიდმა საბჭომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორად აირჩია. 1998 წელს რ. ხუროძე სტუ-ს დიდმა საბჭომ ხელმეორედ აირჩია უნივერსიტეტის რექტორად. ამავე წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში. 2002 წელს მეცნიერების განვითარების საქმეში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისთვის რ. ხუროძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად აირჩიეს.

იგი კანონიერად ითვლება საქართველოში მართვის სისტემების ანალოგურ მოწყობილობათა საიმედოობის მეცნიერული მიმართულების ერთ-ერთ ფუძემდებლად. ამ კუთხით მას გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის, 8 მონოგრაფია, 5 სახელმღვანელო და 3 გამოგონება. მისი შრომები გამოქვეყნებულია არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ – რუსეთში, უკრაინაში, აშშ, გერმანიაში, ჰოლადიაში, ბელგიასა და სხვ. იგი უცხოეთის მრავალი ქვეყნის სამეცნიერო საზოგადოების ნამდვილი წევრია. 2003 წელს პროფესორი რ. ხუროძე Sigma Xi, the scientific Research Society-ის წევრად აირჩიეს.

რექტორობის წლებში რ. ხუროძის ხელმძღვანელობით ტექნიკურ უნივერსიტეტში მრავალი საერთაშორისო კონფერენცია და სიმპოზიუმი ჩატარდა ენერგეტიკის, დიდი სისტემების მართვის, გამოყენებითი პროგრამული ტექნოლოგიების, ეკოლოგიის, “დიდი აბრეშუმის გზის” საერთაშორისო პროექტის განხორციელების, ნავთობ-გაზსადენების მშენებლობისა და სხვა აქტუალურ პრობლემებზე. საფუძველი ჩაეყარა რამდენიმე სამეცნიერო-ტექნიკური პროფილის ჟურნალის გამოცემას. მისი ხელმძღვანელობით ტარდებოდა სტუ-ს პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციები.

რ. ხუროძე დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. 2002 წლის დეკემბერში ახალგაზრდა კადრების აღზრდისა და მომზადების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისათვის გადაეცა საქართველოს პრეზიდენტის ოქროს მედალი “საქართველოს წარჩინებულ მოღვაწეს”.

 რამაზ ხუროძის რექტორობისას სტუ განხორციელდა

  • პირველივე წლებში “საუნივერსიტეტო განათლების კონცეფციის” საფუძველზე ტექნიკური უნივერსიტეტი სრულად გადავიდა სწავლების ორსაფეხურიან სისტემაზე (ბაკალავრიატი და მაგისტრატურა) და შესაბამისად გადამუშავდა სასწავლო გეგმები და პროგრამები; დაინერგა სასწავლო პროცესის მართვის საკრედიტო სისტემა;
  • ჩამოყალიბდა ხარისხის უზრუნველყოფის მეთოდოლოგია, სპეციალობების გამსხვილების ბაზაზე დაფუძნდა ახალი საუნივერსიტეტო სტრუქტურული ერთეულების დეპარტამენტები.
  • ფართო მასშტაბები შეიძინა სტუ ავიაციის ინსტიტუტის საქმიანობამ, რომელიც უნიკალურია მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, თავისი შესაძლებლობებით, პროფესორ-მასწავლებელთა შემადგენლობით. ინსტიტუტმა უკვე გამოუშვა მაღალი კლასის პირველი მფრინავი ოფიცრები.
  • დაარსდა, განვითარდა და გაფართოვდა ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი. გამოიკვეთა ჰუმანიტარული პროფილის სპეციალობებისაკენ ახალგაზრდების სწრაფვის ტენდენციები.
  • გაფართოვდა და განმტკიცდა ფაკულტეტების, ინსტიტუტების, დეპარტამენტებისა და კათედრების სასწავლო-მეთოდური და სამეცნიერო პოტენციალი, კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფა და სხვ.
  • მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა უცხოეთის უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო ცენტრებთან საგარეო კავშირების გასაფართოებლად. ჩამოყალიბდა ქართულ-ამერიკული ინსტიტუტი, სადაც სახელმწიფოს მართვის მოხელეთა მომზადებას ჩაეყარა საფუძველი.
  • 1997 წელს მისი ხელმძღვანელობით ფართოდ აღინიშნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსებიდან 75-ე წლისთავი. საიუბილეოდ დაწესდა სტუ უმაღლესი ჯილდო – ცნობილი ქართველი მეცნიერისა და საინჟინრო დარგის გამოჩენილი მოღვაწის გიორგი ნიკოლაძის სახელობის მედალი.
  • საფუძველი ჩაეყარა მარნეულის საერთაშორისო ნავთობ-გაზსადენების, თელავის, სენაკისა და ამბროლაურის ფაკულტეტებს.
  • 1997 წელს დაფუძნდა გერმანულენოვანი ფაკულტეტი, სადაც უკვე რამდენიმე წელია გერმანელი მეცნიერების ხელმძღვანელობით ბიზნესის სამართლის სპეციალისტების მომზადება მიმდინარეობს. მნიშვნელოვნად გაფართოვდა და თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა უნივერსიტეტის საგამომცემლო ბაზა, რომელიც მთლიანად უზრუნველყოფს სასწავლო-მეთოდური და სამეცნიერო ლიტერატურის გამოცემას.
  • ექსპლუატაციაში შევიდა უნივერსიტეტის რადიოსადგური “უნივერსი” /103,9 მგჰც/. გაიხსნა საგამოფენო-კულტურული ცენტრი “უნივერსი”. ჩამოყალიბდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.
  • 1999 წლიდან ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციაში გაერთიანდა.
  • ამავე წელს ქართული საინჟინრო აზრის დიდ გამარჯვებად იქცა სტუ-ს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტში შექმნილი ანტენა-რეფლექტორის კოსმოსში გაშვება, რითაც საფუძველი ჩაეყარა “დიდი აბრეშუმის გზის” მომსახურებისათვის სატელეკომუნიკაციო სისტემების შექმნას.
  • 2000 წლის დასაწყისში საფუძველი ჩაეყარა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ატლანტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ერთობლივ კონსორციუმს _ “კავკასიის ბიზნეს-სკოლას” /დღეს უკვე კავკასიის ინსტიტუტი/, სადაც ბაკალავრებისა და მაგისტრების მომზადება ბიზნესის ადმინისტრირების (BBA და MBA) სპეციალობით მიმდინარეობს. 2005 წლიდან დაემატა იურიდიული სპეციალობაც.
  • რ. ხუროძის ინიციატივითა და აქტიური მონაწილეობით ჩამოყალიბდა სამეცნიერო-საპროექტო გაერთიანება “გეოინჟინერინგი”, რომელმაც მოკლე ხანში საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. იგი YSO-ს მფლობელი გახდა.
  • 2001 წლის 28 სექტემბერს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევისა და რ. ხუროძის ერთობლივი მონდომებით ტექნიკურ უნივერსიტეტში დაარსდა თეოლოგიის კათედრა.
  • 2002 წლის შემოდგომაზე რ. ხუროძის ხელმძღვანლობით აღინიშნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსებიდან 80 წლისთავი.
  • საიუბილეოდ ადმინისტრაციულ კორპუსში გაიხსნა წმ. გიორგის სახელობის სამლოცველო;
  • დაფუძნდა ფრანგულ-ქართული ინსტიტუტი, სადაც ფრანგი მეცნიერების მონაწილეობით დაიწყო კადრების მომზადება ეკონომიკისა და ინფორმატიკის სპეციალობებში.
  • ერთიანი საუნივერსიტეტო კომპიუტერული ქსელი. კათედრები, დეპარტამენტები, ფაკულტეტები და სამეცნიერო ლაბორატორიები ფართოდ იყენებენ ინტერნეტით მომსახურებას.
  • უნივერსიტეტში გაიხსნა მძლავრი კომპიუტერული ცენტრი და საფუძველი ჩაეყარა დისტანციურ სწავლებას, იქმნება საუნივერსიტეტო ელექტრონული ბიბლიოთეკა.
  • ბოლო წლებში გაფართოვდა საინჟინრო პროფილის სამენეჯერო მომზადების არეალი. დამუშავდა ახალი კურსები, ჩამოყალიბდა სასწავლო მოდულები, მმართველობითი უნარ-ჩვევების სწავლებამ სრულიად ახალი შინაარსი შეიძინა. მიმდინარეობს საინჟინრო დარგის ახალგაზრდა სპეციალისტთა მომზადება საბაზრო ეკონომიკის პრინციპის შესაბამისად მოდის. მთლიანად, სასწავლო პროცესის ორგანიზაცია და მართვა, ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების შესაბამისად ხორციელდება. რ. ხუროძემ, თავისი გამოცდილება წიგნში “ახალ დროს ახალი ადამიანები ქმნიან” გამოაქვეყნა/2002 წელი/. 

ბანერები