გრიგოლ ქომეთიანი

გრიგოლ ქომეთიანი
(1905-1991)

გრიგოლ ანტონის ძე ქომეთიანი დაიბადა 1905 წლის 15 სექტემბერს ქ. ქუთაისში. საშუალო განათლება იქვე მიიღო და სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-მეტალურგიულ ფაკულტეტზე, რომელიც 1930 წელს დაამთავრა ინჟინერ-გეოლოგის კვალიფიკაციით. შრომითი საქმიანობა დაიწყო რიგით გეოლოგად, შემდგეგ გახდა გეოლოგიური პარტიის უფროსი. 1937 წელს გ. ქომეთიანი დაინიშნა საქართველოს გეოლოგიური სამმართველოს მთავარ ინჟინრად.

1947-1948 წლებში დააწინაურეს ტრესტ “საქნახშირგეოლოგიის” მმართველად.

1948 წელს გ. ქომეთიანი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დირექტორად დაინიშნა. ქვეყანა მეორე მსოფლიო ომით მიყენებულ წრილობებს იშუშებდა. ომის მონაწილე პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა შემადგელობიდან ბევრი ვეღარ დაბრუნდა ფრონტიდან. გ. ქომეთიანის დამსახურებად უნდა ჩაითვალოს ის, რომ ინსტიტუტის ხელმძღვანელობის წლებში მან უდიდესი ენერგია, ნიწი და უნარი მოახმარა ჯერ კიდევ 1938 წელს დაწყებული ინსტიტუტის ახალი სასწავლო კორპუსის პირველი რიგის დამთავრებას. 1949 წელს მისი ძალისხმევით ქ. თბილისის ხელმძღვანელობის მიერ პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასწავლო-სამეცნიერო კომპლექსის მშენებლობისათვის დამატებით გამოიყო ოთხი ჰექტარი მიწის ფართობი, თუმცა ამ ტერიტორიის ნაწილი ქალაქის ბინათმშენებლობისათვის იქნა შემდგომ გამოყენებული.

გ. ქომეთიანის დირექტორად მუშაობის პერიოდში, 1949 წელს ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტთან გაიხსნა მეტალურგიული სპეციალობის ორი აკადემიური ჯგუფი, 1951 წლიდან კი ცალკე დაიწყო არსებობა მეტალურგიულმა ფაკულტეტმა. ფაქტიურად ეს იყო ფაკულტეტის ხელმეორედ დაბადება. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ 1951 წელს სამთო ფაკულტეტზე გაიხსნა ორი სპეციალობა: ნავთობისა და გაზის საბადოების ბურღვა და ძებნა, ნავთობისა და გაზის საბადოების ექსპლუატაცია. 1952 წელს გამოყენებითი გეოლოგიის კათედრას გამოეყო ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის კათედრა.

საინჟინრო განათლებისა და მეცნიერების განვითარების არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა დაკავშირებული გ. ქომეთიანის, როგორც ორგანიზატორის სახელთან.

ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობაზე გ. ქომეთიანი 1952 წლამდე მუშაობდა. 1954 წელს მან წარმატებით დაიცვა დისერტაცია გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად.

1957 წლიდან გ. ქომეთიანი თითქმის ცამეტი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა კავკასიის მინერალური ნედლეულის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. მისი დირექტორობის პერიოდში აღნიშნული სამეცნიერო-კვევითი დაწესებულება ერთ-ერთ ავტორიტეტულ და აღიარებულ სამეცნიერო ცენტრად ჩამოყალიბდა.

გ. ქომეთიანი 1930-1988 წლებში ნაყოფიერ სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. იგი ჩვენი ქვეყნისა და საზღვარგარეთის გეოლოგთა სამეცნიერო წრეებში აღიარებული იყო როგორც არამადნეული საბადოების შესანიშნავი მკვლევარი.

ქართული გეოლოგიური სკოლის ღირსეული წარმომადგენლის - გ. ქომეთიანის მრავალმხრივი სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა ქვეყნის სამი უმაღლესი ორდენითა და ხუთი მედლით იქნა აღნიშნული.

გ. ქომეთიანი გარდაიცვალა 1991 წლის 9 სექტემბერს.

ბანერები