გიორგი გვარჯალაძე

გიორგი გვარჯალაძე
(1902-1937)

გიორგი სილოვანის ძე გვარჯალაძე დაიბადა 1902 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ შემოქმედში. დაწყებითი განათლება მშობლიურ სოფელში მიიღო. სწავლა გააგრძელა ოზურგეთის გიმნაზიაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1922 წელს. უმაღლესი განათლების მისაღებად, როგორც სტიპენდიანტი, იმავე წელს გაგზავნილ იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ჩაირიცხა მათემატიკის ფაკულტეტზე, 1924 წლიდან კი სწავლა განაგრძო პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე ელექტრომექანიკის განხრით. მისი თაოსნობით 1926 წელს ჩამოყალიბდა სტუდენტთა სამეცნიერო-ტექნიკური წრე, სადაც 150-მდე სტუდენტი იყო გაერთიანებული. მათ მრავალმხრივი შრომატევადი საპროექტო და სამონტაჟო სამუშაო შეუსრულეს ზემოავწალის ჰიდროელექტროსადგურიდან (ზაჰესი) ქ. თბილისის მოსახლეობის ელექტროენერგიით მომარაგების უზრუნველსაყოფად. გ. გვარჯალაძემ 1929 წელს წარჩინებით დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაციით და დატოვეს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ზოგადი და თეორიული ელექტროტექნიკის კათედრის ასისტენტად. იმავე წელს ჩარიცხულ იქნა ელექტრული სადგურების კათედრის ასპირანტად. იგი იყო ცნობილი ქართველი მეცნიერის, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებლის - აკადემიკოს ალექსანდრე დიდებულიძის მოწაფე.

1930 წელს გ. გვარჯალაძე დაინიშნა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული ამიერკავკასიის ენერგეტიკის ინსტიტუტის დირექტორად.

1936 წლის სექტემბრიდან 1937 წლის აგვისტომდე გ. გვარჯალაძე საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის დირექტორი (რექტორი) იყო. ამ პერიოდში მან ბევრი იღვაწა ინსტიტუტის სასწავლო-ლაბორატორიული ბაზის გასაფართოებლად და ახალი მოწყობილობა-დანადგარებით მის შესავსებად.

გ. გვარჯალაძის სახელთან მწიდროდაა დაკავშირებული რიონჰესის, ტყვარჩელის სრესის, ხრამჰესის, აწჰესის, თბილტეცის მშენებლობები და საექსპლუატაციოდ გადაცემა. დიდია მისი ღვაწლი საქართველოს ენერგეტიკული სისტემის განვითარების საქმეში. გ. გვარჯალაძემ ფასდაუდებელი ამაგი დასდო საინჟინრო კადრების აღზრდის საქმეს. მისი მოწაფეები შემდგომი ენერგეტიკის დარგისა და ელექტროტექნიკური მრეწველობის თვალსაჩინო სპეციალისტები და მკვლევრები გახდნენ. სამამულო ენერგეტიკის განვითარებისა და საინჟინრო კადრების აღზრდის საქმეში გაწეული ღვაწლისათვის გ. გვარჯალაძე 1936 წელს მიიწვიეს ქ. მოსკოვში საქართველოს მეცნიერების, ლიტერატურის, ხელოვნების და სახალხო მეურნეობის სხვა გამოჩენილ მოღვაწეებთან ერთად და კრემლში მას გადაეცა «საპატიო ნიშნის» ორდენი.

თანამედროვეთა დახასიათებით გ. გვარჯალაძე იყო უაღრესად ფართო ერუდიციის, მრავალმხრივი განათლებისა და განსაკუთრებული ორგანიზატორული ნიწის მქონე პიროვნება. თავისი კეთილშობილებით, მომხიბვლელობითა და უბრალოებით იმსახურებდა გარშემომყოფთა გულწრფელ პატივისცემასა და მოკრძალებას.

გიორგი გვარჯალაძე 1937 წელს დაიღუპა. 

ბანერები