სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის დელეგაციას შეხვდა

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის დელეგაციას შეხვდა

 

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის დელეგაციას შეხვდა

08-04-2024
სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის სოფლის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ვიქტორას პრანცკიეტისს,   ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მის აღმატებულება ანდრიუს კალინდრასა და ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის დელეგაციას შეხვდა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის სოფლის საკითხთა კომიტეტის წევრები: იუოზას ბაუბლისი, იონას გუდაუსკასი, ვიგილიუს იუკნა, კესტუტის მაჟეიკა, კომიტეტის ოფისის ხელმძღვანელი აუგუსტე მატულევიჩიენე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები.

რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ლიეტუვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებს, რაც სტუდენტთა და სამეცნიერო-აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებს, ერთობლივ კვლევებს, სამეცნიერო კონფერენციებისა და სემინარების ფორმატს ითვალისწინებს.

როგორც დავით გურგენიძემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ლიეტუვის რესპუბლიკის პირველი ლედის, დიანა ნაუსედიენეს პატრონაჟით, 14 წელია ნაყოფიერად ფუნქციონირებს და საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს „პროფესორ ვიდას კავალიუსკასის სახელობის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი“, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და ლიეტუვას განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა. რექტორის განცხადებით, ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების საუნივერსიტეტო ცენტრში 400-მდე სტუდენტმა შეისწავლა ლიეტუვური ენა და მეგობარი ქვეყნის ისტორიას ეზიარა.

შეხვედრაზე მხარეებმა აგარარულ სფეროში საგანმანათლებლო და სამეცნიერო კოლაბორაციის პერსპექტივები განიხილეს. რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის სოფლის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ვიქტორას პრანცკიეტისს და კომიტეტის წევრებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო შესაძლებლობების, ინფრასტრუქტურის, საგანმანათლებლო პროგრამებისა და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიების შესახებ ესაუბრა.

„აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი, რომელიც არსებობის 11 წელს ითვლის, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი წამყვანია ჩვენს საუნივერსიტეტო სივრცეში, ტრადიციულ საინჟინრო-ტექნოლოგიურ და ასევე, ახალ, ჰუმანიტარულ მიმართულებებთან ერთად. სწავლების სამივე საფეხურზე ხორციელდება 24 საგანმანათლებლო პროგრამა, მათ შორის ინგლისურენოვანი. გვაქვს ვეტერინარიის ახლადაკრედიტებული პროგრამაც. ფაკულტეტი, თავისი შესაძლებლობებით, მთლიანად ფარავს აგარარულ დარგს და ახალგაზრდებს ცოდნის დაუფლებისა თუ კვლევების განხორციელების მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს. ფაკულტეტზე ეფექტურად მუშაობს ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამები საფრანგეთის უნივერსიტეტ რენ-1-თან პარტნიორობით - რძის მრეწველობის წარმოების მენეჯმენტში და მილანის უნივერსიტეტთან პარტნიორობით - მევენახეობა-ენოლოგიის მიმართულებით. გარდა ამისა, 2021 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მევენახეობა-ენოლოგიის სამაგისტრო პროგრამა ევროპული ანალოგიური სამაგისტრო პროგრამა EMAVE-ს კონსორციუმის წევრია. კონსორციუმში ერთიანდებიან საფრანგეთის, პორტუგალიის, გერმანიის, ესპანეთის, იტალიისა და შვეიცარიის უნივერსიტეტები. ჩვენს მაგისტრანტებს, რომლებიც ამ პროგრამაზე სწავლობენ, ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, ერთი წლის ვადით გაემგზავრონ კონსორციუმის წევრ ნებისმიერ ქვეყანაში, მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში მიიღონ ევროპული განათლება, მოამზადონ სამაგისტრო ნაშრომი და მოიპოვონ ორი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და წამყვანი ევროპული უნივერსიტეტის დიპლომი. ამასთან ერთად, ფაკულტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი, „ერასმუს +“ მობილობის ფარგლებში, წარმატებით მონაწილეობენ გაცვლით პროგრამებში ევროპის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ფაკულტეტზე მოქმედებს 32 ერთეული სასწავლო, კვლევითი და საექსპერტო ლაბორატორია. მათ შორისაა მცენარეთა გენეტიკის, ფიზიოლოგიის და ბიოლოგიის, ორგანული, კოლოიდური, ფიზიკური და ანალიზური ქიმიის, მიკრო და მოლეკულური ბიოლოგიის, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, სურსათის, ნიადაგისა და წყლის, ჰიდრავლიკისა და აგროინჟინერიის, ასევე, მეცხოველეობის ლაბორატორიები. სასწავლო-კვლევითი ინფრასტრუქტურა, რომლითაც ჩვენი ბაკალავრები, მაგისტრანტები და დოქტორანტები სარგებლობენ, თანამედროვე სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად, უახლესი ტექნიკით, აპარატურითა და დანადგარებით არის აღჭურვილი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გამოთქვამს სრულ მზაობას, აგრარულ სექტორში საგანმანათლებლო-კვლევითი მიმართულებებით კოლაბორაცია გავააქტიუროთ ლიეტუვის რესპუბლიკის შესაბამისი პროფილის უმაღლეს სასწავლებლებთან, სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებთან და ბიზნესსექტორთან, გავაფართოოთ სპეციალისტთა, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა მკვლევართა, სტუდენტთა გაცვლითი და სტაჟირების პროგრამები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმთავრესი მიზანია მონაწილეობა მიიღოს აგრარული დარგის განვითარებაში, შემატოს მას პროფესიონალი ახალგაზრდა კადრები და თავისი წვლილი შეიტანოს ეკონომიკის აღმავლობაში“, - განაცხადა რექტორმა, დავით გურგენიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის წარმომადგენლებმა ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის სოფლის საკითხთა კომიტეტის დელეგაციას ფაკულტეტის სასწავლო, კვლევითი და საექსპერტო ლაბორატორიული კომპლექსი ვიზუალური პრეზენტაციის სახით წარუდგინეს.

ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის სოფლის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვიქტორას პრანცკიეტისმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს სამომავლო თანამშრომლობაზე მზაობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მან აღნიშნა, 100-წლოვანი ისტორიისა და ტრადიციის მქონე ქართულ საინჟინრო-ტექნოლოგიურ უმაღლეს სკოლასთან თანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვის მომავალი წარმატებების საწინდარია.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და პირადად, რექტორის თანადგომას დიდი მნიშვნელობა აქვს ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებაში. შეხვედრა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ხელს შეუწყობს ურთიერთგაგებასა და თანამშრომლობას, როგორც აგრარულ დარგში, ასევე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ლიეტუვის უნივერსიტეტებს, სამეცნიერო ორგანიზაციებს, ორი ქვეყნის მკვლევრებსა და სტუდენტებს შორის“.

შეხვედრის შემდეგ, ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის სოფლის საკითხთა კომიტეტის დელეგაცია, საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელთა თანხლებით, ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების საუნივერსიტეტო ცენტრს ეწვია.

სიახლეებში დაბრუნება