სტუ - ში საერთაშორისო კონფერენცია - „მდგრადი განვითარება არქიტექტურასა და დიზაინში“, ჩატარდა

სტუ - ში საერთაშორისო კონფერენცია - „მდგრადი განვითარება არქიტექტურასა და დიზაინში“, ჩატარდა

 

სტუ - ში საერთაშორისო კონფერენცია - „მდგრადი განვითარება არქიტექტურასა და დიზაინში“, ჩატარდა

20-02-2024
სტუ - ში საერთაშორისო კონფერენცია - „მდგრადი განვითარება არქიტექტურასა და დიზაინში“, ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „მდგრადი განვითარება არქიტექტურასა და დიზაინში“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე, სტუ-ის პარტნიორი კიოლნის ტექნიკური უნივერსიტეტის (გერმანია) წარმომადგენლებმა, პროფესორებმა ფაბიან სტორჩმა, არნე კუნსტლერმა და კიოლნის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა.

საერთაშორისო კონფერენცია სტუ-ის რექტორმა გახსნა. აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ კონფერენციის მონაწილეებს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ კონფერენციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, იმ ფონზე, როცა მსოფლიო თანამეგობრობამ მდგრადი განვითარება 21-ე საუკუნის ძირითად გამოწვევად აღიარა.

„მას შემდეგ რაც მსოფლიო თანამეგობრობამ მდგრადი განვითარება კაცობრიობამ 21-ე საუკუნის ძირითად გამოწვევად აღიარა, განვითარებული ქვეყნები ძალისხმევას არ იშურებენ, რათა მაქსიმალურად მიუახლოვდნენ იმ მიზნებს, რაც 2015 წელს გაეროს მსოფლიო სამიტზე მიღებულმა 21-ე საუკუნის დღის წესრიგმა (Agenda 2030) დასახა. მსოფლიოს 190-ზე მეტი ქვეყნის მთავრობამ (მათ შორის საქართველომ) აიღო ვალდებულებები, რათა ხელი შეუწყოს დედამიწაზე სიღარიბის დაძლევას, უზრუნველყოს საყოველთაო კეთილდღეობა და დაიცვას  ჩვენი პლანეტა-დედამიწა. ამ კონტექსტში უნივერსიტეტებს ძალზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი როლი აკისრიათ, რადგან მათ უნდა იტვირთონ ახალგაზრდა თაობების ცოდნის და ცნობიერების ამაღლება მდგრადი განვითარების გარდუვალობასთან დაკავშირებით, რამეთუ ახალგაზრდებმა უნდა შეცვალონ აქამდე არსებული ცხოვრებისეული მიდგომები ადამიანური აქტივობის ყველა სფეროში, რადიკალურად გარდაქმნან ინდუსტრიული სისტემები, ნაკლები რესურსებით შექმნან უფრო მეტი ფასეულობები, გახადონ ქალაქები და დასახლებები ინკლუზიური, უსაფრთხო, გამძლე და მდგრადი (ეს უკანასკნელი Agenda 2023-ის მდგრადი განვითარების N11 მიზანია).  ამ მიზნების მიღწევაში ურბანისტების, ქალაქდამგეგმარებლების, არქიტექტორების და დიზაინერების როლი განუზომელია, რადგან სწორედ მათი თვალთახედვით ხდება ჩვენს გარშემო არსებული ფიზიკური გარემოს წარმოსახვა და შემდგომ საინჟინრო პროფესიების წარმომადგენელთა ძალისხმევით ამ იდეების ხორცშესხმა და განხორციელება. დღევანდელი კონფერენციაც მდგრადი განვითარების ამ მიზნების მიღწევას ემსახურება და, დარწმუნებული ვარ თავის მოკრძალებულ, მაგრამ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენ წინაშე არსებული გარემოსდაცვითი ამოცანების წარმატებით დაძლევაში. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მდგრადი განვითარების შესახებ არსებული ცოდნის, გამოცდილების და ამ სფეროში  სამეცნიერო პოტენციალის აკუმულირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა გახდეს ჩვენს ქვეყანაში”, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

საერთაშორისო კონფერენცია „მდგრადი განვითარება არქიტექტურასა და დიზაინში“, დიზაინის საერთაშორისო სკოლის ორგანიზებით და საქართველოს არქიტექტორთა კავშირთან პარტნიორობით, გაიმართა. ორ სექციისაგან შემდგარ კონფერენციაზე ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა 21 ნაშრომი წარადგინეს. მასალები, სტატიების სახით, კონფერენციის კრებულში გამოქვეყნდება.

 

სიახლეებში დაბრუნება