სტუ-ში სამშენებლო ფაკულტეტის დღე აღინიშნა

სტუ-ში სამშენებლო ფაკულტეტის დღე აღინიშნა

 

სტუ-ში სამშენებლო ფაკულტეტის დღე აღინიშნა

19-10-2023
სტუ-ში სამშენებლო ფაკულტეტის დღე აღინიშნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამშენებლო ფაკულტეტის დღე აღინიშნა. ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა.

რექტორმა სტუმრებს ღონისძიებაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო სამშენებლო ფაკულტეტის დეკანს, აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს ფაკულტეტის დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა.

როგორც დავით გურგენიძემ აღნიშნა, 1922 წელს ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაიხსნა პოლიტექ­ნი­კური ფაკულტეტი, სადაც ახლადშექმნილი სამი განყოფილებიდან, ერთ-ერთი სამშენებლო იყო. სახელმწიფოს მიერ დარგი დღემდე პრიორიტეტულადაა აღიარებული და რაც მთავარია, საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი მაღალკვალიფიციურ კადრს ამზადებს.

„დღეს, ფაკულტეტის დაარსებიდან 101 წლის შემდეგ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამშენებლო ფაკულტეტი ამზადებს მაღალკვალიფიციურ კადრებს. ჯერ პოლიტექნიკური ინსტიტუტის, ხოლო შემდეგ ტექნიკურ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები წარმატებით მოღვაწეობდნენ და მოღვაწეობენ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. ყველა ნაგებობა, რასაც ჩვენს ქვეყანაში ვხედავთ, სამშენებლო ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა მიერ განხორციელებული პროექტებია. ქვეყნის აღმშენებლობის წარმატების ერთ-ერთი გასაღები სწორედ სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტების ხელშია. ქართველი მშენებლები მსოფლიოს მასშტაბით დღემდე არიან ჩართულნი სტრატეგიული ობიექტების მშენებლობის საქმეში და სასიხარულოა, რომ დღემდე ჩვენს კადრებზე დიდი მოთხოვნაა. ხაზგასმითაა აღსანიშნავი, რომ სამშენებლო ფაკულტეტზე მიმდინარეობს მაღალპროფესიული სამეცნიერო კვლევები, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ ისეთ ლაბორატორიებში როგორიცაა, მშენებლობის სასწავლო, სამეცნიერო, საექსპერტო საგამოცდო, ჰიდ­რო­ინჟინერიის სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო, გორგი­ძის სახე­ლობის მექანიკის სასწავლო-სამეცნიერო, წყალმომარაგების, წყალ­არინების და წყლის გაწმენდის ლაბორატორიები. 21-ე საუკუნე ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს დარგს, რომელსაც   სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტები, ჩვენი მეცნიერების ხელმძღვანელობით, ახალი კვლევებითა და ახალი მიდგომებით პასუხობენ. დარგის განვითარებისა და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს უდიდესი წვლილი შეაქვს. წარმატებები მინდა ვუსურვო ფაკულტეტს, სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს და აკადემიურ პერსონალს“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.


სამშენებლო ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, სტუდენტები, ასევე, აზერბაიჯანის, სომხეთის, პოლონეთის უნივერსიტეტების წარმოამდგენლები, დარგში მოქმედი კომპანიების ხელმძღვანელი პირები და დარგის სპეციალისტები.

სამშენებლო ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ზურაბ გვიშიანმა ფაკულტეტის ისტორია მიმოიხილა და იმ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომლებმა და სტუდენტებმა განახორციელეს. დეკანმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს, ასევე, სტუ-ის რექტორს უნივერსიტეტში „ფაკულტეტის დღის“ დაარსებისა და იმ მხარდაჭერისთვის, რასაც დავით გურგენიძე თითოეული ფაკულტეტის, მეცნიერისა და სტუდენტის მიმართ იჩენს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე 4 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სამშანებლო ფაკულტეტს. ეს იყო პერიოდი, როცა დაიწყო ახალი ლაბორატორიების ჩამოყალიბება და ძველის განახლება, ფაკულტეტმა მსოფლიოს სხვადასხვა  უნივერსიტეტებთან დაამყარა მჭიდრო თანამშრომლობა.  4 წლის განმავლობაში სრულიად შეიცვალა ინფრასტრუქტურა, მიდგომები. ჩვენი ფაკულტეტის წარმატებაში, ბატონი დავითის უდიდესი წვლილია - მადლობა მას. სასიხარულოა, რომ წინსვლის ჯაჭვი არ გაწყდა და დღეს ფაკულტეტის ადმინისტრაცია აგრძელებს, რექტორის,  ყოფილი დეკანის გაკვალულ გზას. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს აკრედიტაციისთვის მზადებაა. საერთაშორისო ABET აკრედიტაციის მოსაპოვებლად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი ერთდრულად ამზადებს სამოქალაქო ინჟინერიის ქართულენოვან და ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებს. ამ პროცესში ჩვენი ჩართვა უკვე მიანიშნებს, რომ ფაკულტეტი მზადაა 21-ე საუკუნის გამოწვევებს სათანადოდ უპასუხოს. წარმატებები მინდა ვუსურვო უნივერსიტეტს, ფაკულტეტს, სტუდენტებს, მეცნიერებსა და ჩვენს კურსდამთავრებულებს“, - განაცხადა პროფესორმა ზურაბ გვიშიანმა.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა სამშენებლო ფაკულტეტის ღვაწლმოსილი მეცნიერები, პროფესორები -  მარინა ჯავახიშვილი, ირაკლი ქვარაია, თამაზ ხმელიძე და თენგიზ პაპუაშვილი, საპატიო სიგელებით დააჯილდოვა.

სამშენებლო ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო სტუდენტურ თვითშემოქმედებას. ახალგაზრდებმა წარმოადგინეს საკონცერტო პროგრამა.

 

სიახლეებში დაბრუნება