სტუ-სა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა

სტუ-სა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა

 

სტუ-სა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა

18-12-2023
სტუ-სა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრთან პარტნიორობით, ახალი ერთობლივი სასწავლო პროგრამების შემუშავებისა და სამეცნიერო კვლევების განხორციელებაზე იზრუნებს. აღნიშნულის შესახებ სტუ-სა და სასწავლო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორადუმი გაფორმდა.

დოკუმენტს სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაკიძემ მოაწერეს ხელი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ყურადღება მემორანდუმის მნიშვნელობასა და საინჟინრო-ტექნოლოგიურ დარგებში უსაფრთხოების კადრების პროფესიული განვითარების მიზნით, უნივერსიტეტის მხარდაჭერაზე გაამახვილა.  

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გამოთქვამს მზაობას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მხარდაჭერა აღმოუჩინოს სასწავლო ცენტრს პროფესიონალი კადრების მომზადებაში, მასთან პარტნიორობით შეიმუშაოს საინჟინრო-ტექნიკური, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამები, გრძელვადიანი თუ მოკლევადიანი კურსები, საზაფხულო სკოლები, მოაწყოს ტრენინგები და სემინარები, გარდა ამისა, იზრუნოს, საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკის გათვალისწინებით, საინჟინრო-ტექნოლოგიურ დარგებში  უსაფრთხოების თანამშრომელთა გადამზადებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე. უნივერსიტეტი მთლიანად აცნობიერებს იმ საქმიანობის მნიშვნელობას, რომელსაც ეროვნული უსაფრთხოების სამსახური თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების სადარაჯოზე ახორციელებს. ეს კი დიდწილადაა დამოკიდებული მის პროფესიონალიზმზე, რისი მიღწევაც სათანადო განათლების გარეშე შეუძლებელია“, - აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაკიძის განცხადებით, განათლებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

„მემორანდუმი გულისხმობს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას. ქვეყნის უსაფრთხოების დაცვისა და მყარი გარანტიების უზრუნველსაყოფად, განათლებას განსაკუთრებული როლი ენიჭება კვალიფიციური კადრების მომზადებაში. ამ მხრივ, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების კვლევების მიმართულებით თანამშრომლობა, რადგან ძლიერი უსაფრთხოების სექტორი საჭიროებს ძლიერი ანალიტიკური სისტემების შექმნა-ჩამოყალიბებას, ასევე, მხარდაჭერას საინჟინრო-ტექნოლოგიურ დარგებში კომპეტენტური, პროფესიონალი კადრების აღზრდა-გადამზადებაში. ვფიქრობთ, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმი ქმედით დახმარებას გაგვიწევს საერთო გამოწვევების ეფექტიანად დაძლევაში“, - განაცხადა გიორგი ვაშაკიძემ.

მემორანდუმის ხელმოწერას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანები, სტუ-ის ადმინისტრაციისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.   

სიახლეებში დაბრუნება