სტუ-ს მეცნიერთა ხელმძღვანელობით ცერნის "ატლასის" ექსპერიმენტის დეტექტორისთვის შექმნილი კონსტრუქციები

სტუ-ს მეცნიერთა ხელმძღვანელობით ცერნის "ატლასის" ექსპერიმენტის დეტექტორისთვის შექმნილი კონსტრუქციები

11-07-2018 11 ივლისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ხელმძღვანელობით შექმნილი რადიაციისგან დამცავი ალუმინის კონსტრუქციები ჟენევაში პირველად გაიგზავნა.

საქართველოში სპეციალურად შექმნილი 9 მეტრამდე დიამეტრის კონსტრუქციები CERN-ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაციაში მიმდინარე მეგაპროექტის - "ატლასის" ექსპერიმენტის დეტექტორისთვისაა განკუთვნილი.

კონსტრუქციები საქართველოში, ქარხანა „ელიტა-ბურჯის“ სამრეწველო ბაზაზე, ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ხელმძღვანელობით მზადდება. დეტალების პროექტირება და დამზადება ISO საერთაშორისო სატანდარტების მიხედვით ხორციელდება. დღეს კონსტრუქციის ნაწილი პირველად გაიგზავნება ჟენევაში, CERN-ში, სადაც საბოლოოდ მოხდება სტრუქტურის აწყობა და „ატლასის“ ექსპერიმენტის დიდი „ჰადრონის“ კოლაიდერთან მიერთება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში დღეს, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან, არჩილ ფრანგიშვილთან და სტუ-ის  მეცნიერებთან ერთად, საწარმო „ელიტა-ბურჯს“ ეწვივნენ და ადგილზე გაეცნენ გარემოს, სადაც მსოფლიო მნიშვნელობის ექსპერიმენტისთვის კონსტრუქციები და დეტალები სპეციალურად იქმნება.

„მომზადდა ზედმიწევნით მაღალი სიზუსტის ოთხი კვანძი „ცერნისთვის“, რომელსაც დღეს ვაგზავნით შვეიცარიაში. ივლისის ბოლომდე კიდევ ოთხ კვანძს დავამზადებთ. რაც შეეხება ამ საერთაშორისო პროექტს, ის სექტემბრის შუა რიცხვებში დასრულდება. ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ესახალი ნაბიჯია მანქანათმშენებლობის განვითარებაში. იმედი გვაქვს, პროექტი მოგვცემს საშუალებას, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ცნობადობა კიდევ უფრო გაიზარდოს, რაც ახალ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას მოგვცემს“, - განაცხადა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა.

 

სიახლეებში დაბრუნება