ყველა სიახლე

ისტორია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) აკადემიური საბჭოსა და სენატის 2013 წლის 16 დეკემბრის გაერთიანებული სხდომის დადგენილება № 15-ის თანახმად, სსიპ – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნა აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი. ფაკულტეტში გაერთიანებულია 8 საგანმანათლებლო პროგრამა: მეცხოველეობა, აგრონომია, ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია, აგრობიზნესის მენეჯმენტი, სასურსათო ტექნოლოგიები, სატყეო საქმე, აგრარული ტექნოლოგიები და აგროინჟინერია. ზემოთ ჩამოთვლილი რვა პროგრამიდან, შვიდი სახელმწიფოს მხრიდან სრულადაა დაფინანსებული. რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამა ტექნიკური უნივერსიტეტის სხვა ფაკულტეტებზე უკვე  მრავალი წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა, აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის შექმნის შემდეგ კი მოხდა მათი თემატური გაერთიანება ერთი ფაკულტეტის ფარგლებში.
  2014/15 სასწავლო წელს, აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე განხორციელდა სტუდენტთა პირველი მიღება. ბაკალავრიატში პირველკურსელთა რაოდენობამ 650-ს მიაღწია. ამოქმედდა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებიც. 
  მეცხოველეობის, აგრონომიისა და წყლის რესურსების ინჟინერიის პროგრამები ხორციელდება აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტთან (ასუ) გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია აიოვას უნივერსიტეტში არსებული პროგრამების დანერგვა და 2+2 სასწავლო გეგმის განხორციელება, რაც საშუალება მოგვცეს ორმაგი დიპლომის გაცემისათვის. ხელშეკრულების ფარგლებში ითარგმნა ის პროგრამები და სახელმძღვანელოები, რომლებითაც ხორციელდება სწავლება აიოვას უნივერსიტეტში და პირველკურსელი სტუდენტები უკვე აიოვას დისციპლინებით გადიან სწავლებას. 
  მიმდინარეობს დანარჩენი პროგრამების დახვეწა და ახალი პროგრამების შემუშავება. სწავლების სამაგისტრო პროგრამებზე აქტიურად დაწყებულია სასწავლო პროგრამებზე მუშაობა  დასავლეთ ევროპის (ესპანეთი, იტალია, სლოვაკეთი, პოლონეთი) წამყვან უნივერსიტეტებთან კოორდინაციაში, საერთო ინგლისურენოვანი პროგრამების შემუშავებაზე და ორმაგი დიპლომების დანერგვაზე. სწავლების სადოქტორო პროგრამებზე შემუშავების პროცესშია დამატებით 2 პროგრამა, რომელიც მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს.
აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის განთავსების ადგილად კვების მრეწველობის ინსტიტუტის შენობა შეირჩა. აღნიშნული ინსტიტუტი არსებობას ფაკულტეტთან ინტეგრირებულად გააგრძელებს, რაც ინსტიტუტში არსებული ცოდნისა და გამოცდილების საუკეთესო სინთეზის საშუალებას იძლევა. ფაკულტეტზე ასევე ინტეგრირდება ბიოტექნოლოგიის კვლევითი ინსტიტუტი, რომლის მიზანი აგრარული მეცნიერებების, მეცხოველეობისა და კვების ტექნოლოგიის დისციპლინების სამეცნიერო-პრაქტიკული პოტენციალის გაძლიერება იქნება.
  ამჟამად მიმდინარეობს ყოფილი კვების მრეწველობის ინსტიტუტის შენობის (გურამიშვილის გამზირი #17) რეკონსტრუქცია-რემონტი. მიმდინარე სამუშაოებისას გათვალისწინებულია ყველა მოთხოვნა, რომელიც თანამედროვე ტიპის სასწავლო დაწესებულებას მოთხოვნებიდან გამომდინარეობს (პანდუსებისა და სპეციალური ადგილების მოწყობა სველ წერტილებში უნარ შეზღუდული პირებისთვის, შეტყობინების სისტემა, სახანძრო დაცვის სისტემა, უსაფრთხოების სისტემა, პროფილის სპეციფიკიდან გამომდინარე სავენტილაციო სისტემა და ა.შ.).