იოსებ ბუაჩიძე

იოსებ ბუაჩიძე 
(1907)

იოსებ მოსეს ძე ბუაჩიძე დაიბადა 1907 წლის 2 სექტემბერს ხარაგოულის რაიონის სოფელ ფარცხანალში. დაწყებითი განათლება დაბა ხარაგოულის ორწლიან სკოლასა და ქუთაისის რეალურ სასწავლებელში მიიღო, ხოლო საშუალო განათლება - ზესტაფონის ჰუმანიტარულ ტექნიკუმში, რომელიც 1925 წელს დაამთავრა. 1925-1929 წლებში იგი შრომით საქმიანობას ეწეოდა. 1929 წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო მეტალურგიულ ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებშივე აქტიურად ჩაება სამეცნიერო-კვლევით და საძიებო სამუშაოებში. 1932-1934 წლებში გეოლოგიური პრაქტიკის დროს ზემო იმერეთში აღმოაჩინა მინერალური წყლის “ზღვარეს” საბადო და ჩაატარა მისი მეცნიერული გამოკვლევა. 1934 წელს ი. ბუაჩიძე წარმატებით ამთავრებს ინსტიტუტს ინჟინერ-გეოლოგის კვალიფიკაციით და პროფესორ ა. ჯანელიძის რეკომენდაციით იგზავნება აწარის წყლის ჰიდროელექტოსადგურის მშენებლობაზე საინჟინრო-გეოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელად. სადგურის ამუშავების შემდეგ 1938-1942 წლებში განაგებდა საკავშირო ჰიდროენერგოპროექტის თბილისის განყოფილების საინჟინრო-გეოლოგიურ განყოფილებას.

1942-1948 წლებში მუშაობდა საქართველოს გეოლოგიური სამმართველოს რესპუბლიკის ჰიდროგეოლოგიური ექსპედიციის უფროსის თანამდებობაზე. 1946 წელს დაიცვა გეოლოგია-მინერალოგიის კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი თემაზე: “აწჰესის კაშხლის საინჟინრო-გეოლოგიური პირობები”.

მრავალი წლის განმავლობაში მის მიერ დაგროვილი ჰიდროგეოლოგიური მასალის ღრმა მეცნიერული ანალიზის შედეგად 1950 წელს წარმატებით დაიცვა გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში თემაზე: “საქართველოს მიწისქვეშა წყლები”.

ი. ბუაჩიძის განსაკუთრებულ დამსახურებად უნდა ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე მრავალი არტეზიული აუზის აღმოჩენა. დიდი მოვლენა იყო 1944 წელს ალაზნის არტეზიული აუზის გახსნა, რომლის პირველმა დადებითმა შედეგებმა ხელი შეუწყო ი. ბუაჩიძის და მის მოწაფეთა მიერ აღმოჩენილი ღრმად განლაგებული სხვა არტეზიული აუზების ფარგლებში ჰიდროგეოლოგიური სამუშაოების ფართოდ გაშლას იორის, შირაქის, მარნეულის, ქართლის, თბილისის, ჩხარი-აჯამეთის, წყალტუბოს, კოლხეთის, კოდორის, ბზიფის, ახალციხისა და სხვა ტერიტორიებზე, რამაც წარმატებით გადაწყვიტა აღნიშნულ რაიონებში წყალმომარაგების პრობლემები.

1946 წლიდან ი. ბუაჩიძე მუშაობას იწყებს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ასისტენტად, 1949-1951 წლებში იყო დოცენტის თანამდებობაზე, ხოლო 1951 წელს არჩეულ იქნა პროფესორად. 1954 წელს მისი ძალისხმევით საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დაარსდა ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის კათედრა, რომელსაც განაგებდა 1973 წლამდე. ი. ბუაჩიძის დიდი მონდომების შედეგად კათედრა მალე ჩამოყალიბდა საქართელოში ჰიდროგეოლოგიური და საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების მაკოორდინირებელ სასწავლო-სამეცნიერო ცენტრად.

1958 წელს ი. ბუაჩიძის ხელმძღვანელობით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტის ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის განყოფილების ბაზაზე შეიქმნა სამეცნიერო-კვლევითი საპრობლემო ლაბორატორია, რომლის დირექტორად იგი დაინიშნა. 1960 წელს აღნიშნული ლაბორატორია საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის შემადგენლობაში გადავიდა.

ი. ბუაჩიძის მოღვაწეობაში ყველაზე ნაყოფიერია 1958-1973 წლებში საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტის რექტორად მუშაობის პერიოდი, სადაც ის ჩამოყალიბდა როგორც თვალსაჩინო მეცნიერი, ახალგაზრდა კადრების დაუღალავი აღმზრდელი, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების შესანიშნავი ორგანიზატორი. ამ პერიოდში ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებლობამ და ინჟინერ-ტექნიკურმა პერსონალმა უდიდესი მაშაობა ჩაატარა სასწავლო-მეთოდური, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ორგანიზაციისა და სრულყოფისათვის, მეცნიერებათა დოქტორებისა და კანდიდატების მომზადებისათვის; თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, წიათურაში, ტყიბულში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და სხვა ქალაქებში არსებული კორპუსების რეკონსტრუქციისა და ახალმშენებლობათა ხარჯზე სასწავლო-ლაბორატორიული და სამეცნიერო-კვლევითი ბაზების გაფართოება-აღწურვისათვის.

1953 წლიდან ი. ბუაჩიძის მეცნიერული ხელმძღვანელობით მომზადდა და ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის დარგში სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 40-ზე მეტმა სპეციალისტმა.

მეცნიერების განვითარებაში შეტანილი დიდი ღვაწლისათვის 1961 წელს ი. ბუაჩიძე არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1967 წელს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება მიენიწა.

1973 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში ჩამოყალიბდა ჰიდროგელოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი სექტორი, შემდეგ ინსტიტუტი, რომლის დირექტორის მოვალეობასაც ი. ბუაჩიძე 1990 წლამდე ასრულებდა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ი. ბუაჩიძისა და მისი სამეცნიერო სკოლის წარმომადგენელთა დაუღალავი და მიზანმიმართული შრომა ბორჯომის მინერალური წყლის საბადოს ძიება-გაფართოების საქმეში მისი რესურსების მკვეთრი გაზრდის, მეცნიერული შესწავლისა და გამოყენების მიზნით.

უშუალოდ ი. ბუაჩიძის ხელმძღვანელობით პირველად შედგა საქართველოს ტერიტორიის საინჟინრო გეოლოგიური დარაიონების რუკა, რომელიც წარმოადგენს მეცნიერულ საფუძველს გეოდინამიკური პროცესების პროგნოზირებისათვის სამოქალაქო-სამშენებლო და ჰიდროტექნიკური მშენებლობისათვის საქართველოში.

ი. ბუაჩიძის მეცნიერული ხელმძღვანელობითა და მისი უშუალო მონაწილეობით ფართო სამუშაოები ჩატარდა ენგურჰესის საინჟინრო-გეოლოგიური პირობების შესასწავლად. შედგენილი საინჟინრო-გეოლოგიური რუკები და წრილები საფუძვლად დაედო უნიკალური თაღური კაშხლისა და ჰიდროტექნიკური გვირაბების პროექტებს.

ფასდაუდებელია ი. ბუაჩიძის წვლილი თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობის საინჟინრო-გეოლოგიური დასაბუთების საქმეში. მეტროპოლიტენის პროექტის განხორციელებამ დაადასტურა მის მიერ გამოთქმულ პროგნოზთა სისწორე.

ბოლო ათეულ წლებში ი. ბუაჩიძემ თავის მოწაფეებთან ერთად უნიკალური სამუშაოები ჩაატარა შავი ზღვის აღმოსავლეთი ნაწილის წყალქვეშა ფერდის საინჟინრო-გეოლოგიური შესწავლის მიზნით, რაც საფუძვლად დაედო საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლის ნაპირსამაგრი ნაგებობების გენერალური სქემის დამუშავებას.

ი. ბუაჩიძის ავტორობითა და თანაავტორობით გამოიცა საინჟინრო გეოლოგიასა და ჰიდროგეოლოგიაში 7 მონოგრაფია, მათ შორის ერთი - ინგლისურ ენაზე. ი. ბუაჩიძეს გამოქვეყნებული აქვს - მეცნიერული შრომა, ბევრი მათგან - აშშ-ს, იტალიის, რუსეთის, უკრაინის, იაპონიის, ინგლისის, გერმანიისა და სხვა ქვეყნების პოპულარულ სამეცნიერო ჟურნალებში. ი. ბუაჩიძეს შედგენილი აქვს 200-ზე მეტი დიდი პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური დასკვნა ქვეყნის სხვადასხვა ტიპის ნაგებობათა მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მდგრადობის უზრუნველყოფის შენარჩუნების მიზნით.

ი. ბუაჩიძე ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის პერიოდში მრავალი საერთაშორისო კონგრესის, სიმპოზიუმისა თუ კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა. საკავშირო დელეგაციებს ხელმძღვანელობდა ჰიდროგეოლოგთა საერთაშორისო კონგრესზე კოპენჰაგენში და ინჟინერ-გეოლოგთა საერთაშორისო კონგრესზე ბრაზილიაში. მონაწილეობას იღებდა გრუნტების მექანიკის საერთაშორისო კონგრესებში ლონდონსა და პარიზში. იგი არაერთხელ იყო მიწვეული ლექციების წასაკითხად ინგლისის (კარდიფისა და სუანსანის), ნორვეგიის (ოსლოსა და ტრონხეიმის), ინდოეთის (დელის) უნივერსიტეტებში. ი. ბუაჩიძის ინიციატივით პირველად გაფორმდა მეგობრობის ხელშეკრულება საქართველოსა და ბრნოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტებს შორის.

ი. ბუაჩიძის რექტორად მოღვაწეობისას 1962 წელს ფართოდ აღინიშნა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დაარსების 40, ხოლო 1972 წელს კი - 50 წლისთავი. საიუბილეო თარიღებს სტუდენტობა შეხვდა ახალი წარმატებებით სწავლაში, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში, მხატვრულ შემოქმედებასა და სპორტში. ახალგაზრდობა სულ უფრო მეტად ისწრაფვოდა პოლიტექნიკური ინსტიტუტისაკენ.

დიდია ი. ბუაჩიძის დამსახურება ამიერკავკასიის საინჟინრო უმაღლეს სასწავლებლებთან სასწავლო-მეთოდური და სამეცნიერო თანამშრომლობის გამტკიცების საქმეში.

ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის, გამოჩენილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, საინჟინრო კადრების მრავალი თაობის ღირსეული აღმზრდელისა და უმაღლესი განათლების დიდი ორგანიზატორის - იოსებ ბუაჩიძის დამსახურება მრავალი ორდენითა და მედლითაა აღნიშნული. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსების 75 წლისთავზე იგი ღირსების ორდენით დაჯილდოვდა. უნივერსიტეტის დიდი საბწოს გადაწყვეტილებით ი. ბუაჩიძე პირველი დაჯილდოვდა გიორგი ნიკოლაძის მედლით, რაც მის დიდ ავტორიტეტსა და საყოველთაო პატივისცემაზე მეტყველებს.

დაბადებიდან 95 წლისთავან დაკავშირებით იოსებ ბუაჩიძემ მიიღო საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მილოცვა, სადაც ნათქვამია:

ბატონო იოსებ,

ქართული მეცნიერებისა და განათლების სისტემის პატრიარქს, სამაგალითო მოქალაქეს, დაბადების დღეს გილოცავთ - მეტად მნიშვნელოვან თარიღს - 95 წელს.

თქვენ დიდი წვლილი შეიტანეთ საქართველოში ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო-გეოლოგიის დარგის განვითარებაში და საკმაოდ რთულ დროს უმწიკლოდ ემსახურეთ ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს, წლების მანძილზე წარმატებით ხელმძღვანელობდით საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტს.

ბედნიერი კაცი ბრძანდებით, რადგან ქვეყნისათვის გააკეთეთ ყოველივე ის, რაც შეგეძლოთ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, გისურვებთ ჯანმრთელობას და თქვენი ქვეყნის გაძლიერებას.

მინდა კარს მომდგარი ასი წელიც მოგილოცოთ, რომელიც არც ისე შორსაა.

პატივისცემით,

ედუარ შევარდნაძე.

მიუხედავად ხანდაზმულობისა, იოსებ ბუაჩიძე დღესაც მხნედ ბრძანდება და ერთგულად ემსახურება დამოუკიდებელ საქართველოსა და მის ხალხს, ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო-გეოლოგიის დარგის განვითარებას, ახალგაზრდობის აღზრდის კეთილშობილურ საქმეს.

ბანერები