ლაბორატორია

ლაბორატორია

სამშენებლო მანქანების დეპარტამენტის ლაბორატორიული ბაზა გაშლილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის I სასწავლო კორპუსის „ა“ და „ბ“ ბლოკებში, რამოდენიმე ოთახში. ძირითადი ლაბორატორია მდებარეობს ბ-404 ოთახში და ემსახურება აკადემიური მიმართულების სპეციალობის დისციპლინებში ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარებას. მეორე ლაბორატორია მდებარეობს ა-401 ოთახში და  ემსახურება სამშენებლო სპეციალობების ჯგუფებში ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარებას.

ლაბორატორია № 1


 ბ-404 ოთახში მდებარე №1 ლაბორატორია აღჭურვილია სავადასხვა სამშენებლო მანქანების მოქმედი მოდელებით (Video 1Video 2),  რომელთა ნაწილი დამზადებულია ჩვენივე სპეციალობის სტუდენტების მიერ. ლაბორატორიაში განლაგებულია სამშენებლო კოშკურა ამწის КБ-403А  ტრენაჟორი (სიმულატორი), რომლის გამოყენებითაც სტუდენტები შეისწავლიან ამწის მონტაჟის, მუშაობის, მომსახურების და დემონტაჟის საკითხებს. ასევე სწავლობენ ამწის მართვას (Video 3). 

სამშენებლო მანქანების მოქმედი მოდელების დიდი რაოდენობისა და ლაბორატორიული ფართის სიმცირის გამო მოდელების ძირითადი ნაწილი განთავსებულია სტელაჟებზე. ლაბორატორიული სამუშაოს ჩატარებისას ხდება მათი ჩამოღება, ცდის ჩატარება და დაბრუნება უკან სტელაჟზე.

ლითონური და არალითონური მასალების ცვეთასა და ხახუნზე
გამოსაცდელი СМТ-1 მანქანა

ლაბორატორია აღჭურვილია  სასწავლო-სამეცნიერო დანიშნულების მოწყობილობებითა და აპარატურით. მათ შორის არის მასალების ცვეთაზე და ხახუნზე გამოსაცდელი თანამედროვე ტიპის СМТ-1 მანქანა, როგორიც მხოლოდ სამი ცალია საქართველოში. მასში შესაძლებელია ცვეთისა და ხახუნის პარამეტრების განსაზღვრა ლითონური და არალითონური მასალებისათვის დატვირთვისა და ხახუნის სიჩქარეების ვრცელ დიაპაზონში. ცვეთისა და ხახუნის СМТ-1 მანქანაზე ტარდება როგორც სუფთა სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულების ცდები, ასევე ლაბორატორიული სამუშაოები ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

ლაბორატორია № 2
ა-401 ოთახში მდებარე №2 ლაბორატორია ასევე აღჭურვილია სხვადასხვა სამშენებლო მანქანების მოქმედი მოდელებით, სამშენებლო საწარმოო პროცესებში გამოყენებული ავტომატიზაციის ელემენტების შემსწავლელი სტენდებით და მოწყობილობებით, სამშენებლო მანქანების ჰიდროამძრავის ელემენტების შემსწავლელი სპეციალიზირებული სტენდით და მანქანების ჰიდროსისტემების ელემენტების თვალსაჩინოებებით.

№ 2 ლაბორატორიაში განთავსებული გრავიტაციული ბეტონშემრევის ავტომატიზირებული მართვის მქონე მოქმედი მოდელი, სამშენებლო მანქანების ჰიდრავლიკური ამძრავის შემსწავლელი სპეციალიზირებული სტენდი და ჰიდროსისტემის ელემენტების თვალსაჩინოებები

№2 ლაბორატორიაში განთავსებულია ერთციცხვიანი პნევმატურთვლიანი ექსკავატორის ЭО-2621А ტრენაჟორი (სიმულატორი), რომელზეც სტუდენტები სწავლობენ ჰიდრავლიკური ექსკავატორის კონსტრუქციას, მის მომსახურებას და შეკეთებას. ტრენაჟორი საშუალებას აძლევს სტუდენტს შეისწავლოს ამ ექსკავატორის დაქოქვა-გაჩერება, ტარება, ექსკავატორული მუშა მოწყობილობით მუშაობა (Video 4).
ამავე ლაბორატორიაში, პნევმატურთვლიანი ტრაქტორის Т-180 ტრენაჟორზე სტუდენტი შეისწავლის მის დაქოქვა-გაჩერებას და ტარებას. ხიდურა ამწის ტრენაჟორის გამოყენებით სტუდენტები შეისწავლიან ასეთი ამწეების კონსტრუქციას, საამქროში მათი განთავსების პრინციპებს, სწავლობენ მათ მართვას. ტრენაჟორი საშუალებას იძლევა სტუდენტმა ივარჯიშოს ტვირთების ერთი პოზიციიდან მეორეზე გადატანაში, ტვირთის შერჩეულ ადგილზე დასმის სიზუსტეში. ტვირთის დასმის სიზუსტეს აფასებს ტრენაჟორის ელექტრონული სისტემა 5 ბალიანი სისტემით. 





ხიდურა ამწის ტრენაჟორზე სტუდენტს შეუძლია ივარჯიშოს საამქროში ტვირთების გადაადგილებაში და მასწავლებლის მიერ მითითებულ პოზიციებზე მათი დასმის სიზუსტეში

ლაბორატორია აღჭურვილია სხვადასხვა თვალსაჩინოებებით, როგორებიცაა კომპიუტერული, კინო, ეპიდია- და დია- საპროექციო აპარატურა, სამშენებლო მანქანების და მათი კვანძების დიდი რაოდენობის ფერადი პლაკატები. ლაბორატორიის ფილმოთეკა მოიცავს 11 სასწავლო ფილმის ფერად და შავ-თეთრ ფირს, 48 დასახელების დიაფილმს, 31 CD დისკს სხვადასხვა  სამშენებლო მანქანის და მათი კვანძების კონსტრუქციების, მანქანების მუშაობის ტექნოლოგიების და მომსახურების საკითხების შესახებ.