ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო არქიტექტურული კონფერენცია გაიხსნა

ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო არქიტექტურული კონფერენცია გაიხსნა

07-06-2019

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ორდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია -  „არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები“ გაიხსნა. 

კონფერენციაში მონაწილეობს 12 მომხსენებელი ექვსი ქვეყნიდან: საქართველო, აშშ, იტალია, თურქეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი. მომხსენებლებს შორის არიან არქიტექტურის სფეროში მოქმედი ისეთი ცნობილი თეორეტიკოსები, კრიტიკოსები და ჟურნალისტები, როგორიცაა ამერიკელი პროფესორი ვლადიმერ ბელოგოლოვსკი - დამფუძნებელი კონტინენტშორისი კურატორული პროექტისა, რომელიც კონცენტრირებულია არქიტექტურული გამოფენების ორგანიზებასა და დიზაინზე, იტალიელი პროფესორი ვირჯინია კუჩი და აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტის პროფესორი ფადირა გასიმოვა.

კონფერენციის ძირითადი მიზანია საქართველოში, არქიტექტურისა და ურბანისტიკის სფეროში არსებული პრობლემებისა და მათი გამომწვევი ფაქტორების გამოვლენა მდგრადი განვითარების კონტექსტში; ქალაქთმშენებლობითი პრობლემების აღმოსაფხვრელად პროფესიულ დისკუსიებში საზოგადოების ფართო ფენების, მათ შორის, უმაღლესი სახელისუფლებო სტრუქტურების ჩართვა; ქართული არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის პრობლემატიკის უცხოელი კოლეგებისთვის გაზიარება და ამ პრობლემების გადაჭრის პროცესში, „ურბანისტიკის ევროპული ქარტიის“ ძირითადი დებულებების შესაბამისად, ურბანისტებისა და არქიტექტორების სოციალური როლის განსაზღვრა და დამკვიდრება; ასევე, სხვადასხვა ქვეყნის ურბანისტებსა და არქიტექტორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარება და გაცვლითი საინფორმაციო ბაზის შექმნა. 

კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა გახსნა. მისი თქმით, საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც არქიტექტურისა და ქალაქგეგმარების თანამედროვე პრობლემებს ეხება, ტრადიციული ღონისძიებაა, რომელიც მეათე წელია, ყოველწლიურად იმართება ტექნიკურ უნივერსიტეტში. 

„ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურნბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის კარგ მუშაობაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ კონფერენცია წელიწადში სამჯერ იმართება და მონაწილეთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ტრადიცია წელსაც არ დაირღვა - კონფერენციაზე წარმოდგენილია ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა: აზროვნების სწავლების მეთოდოლოგიური სირთულეები, ჯგუფური პროექტების თემატური კვლევები, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების მნიშვნელობა არქიტექტურული მეხსიერების ჭრილში. იმედია, კონფერენცია წელსაც ისეთივე საინტერესო იქნება, როგორც წინა წლებში“, - აღნიშნა ზურაბ გასიტაშვილმა. 

ვლადიმერ ბელოგოლოვსკი თავის მოხსენებაში შეეხო არქიტექტურული კრიტიკის თავისებურებებსა და მნიშვნელობას დღევანდელი არქიტექტურის განვითარებაში, ფადირა გასიმოვამ ისაუბრა ბაქოს, როგორც სამხრეთ კავკასიის უმსხვილესი სატრანსპოტრო ჰაბის, განვითარებასა და მოდერნიზაციაზე 2009-2019 წლების შუალედში, ვირჯინია კუჩის მოხსენების თემა კი ძველი ქალაქების ახალი სიცოცხლე იყო. 

აღსანიშნავია, რომ  ვლადიმერ ბელოგოლოვსკი ხვალ ჩაატარებს წიგნის - „ნიუ-იორკი, არქიტექტურული გიდი: 1999-2020 პერიოდის ნიუ იორკის 100 იკონიკური შენობის კრიტიკული ექსკურსი“ -პრეზენტაციას, ასევე, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ძირითადი ეტაპები და ტენდენციები თანამედროვე არქიტექტურაში.“ 

„კონფერენცია მოიტანს ინოვაციებს და შესაძლოა, აქტუალური პრობლემების გადაჭრის გზებიც დაგვანახოს. ეს კარგი პლატფორმაა მეცნიერებისა და დოქტორანტებისათვის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კონფერენციაზე წარმოდგენილი თემების ნაწილი პროფესორების, მაგისტრებისა და დოქტორანტების ერთობლივი სამეცნიერო მუშაობის შედეგია. მოხარული ვართ, რომ დროთა განმავლობაში კონფერენცია უფრო და უფრო ფართოვდება“, - განაცხადა სტუ-ის არქიტექტურის, ურნბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანმა, ფროფესორმა ნინო იმნაძემ. 

კონფერენციის მონაწილეები საჯარო ლექციებს ტექნოპარკის საკონფერენციო სივრცეში ჩაატარებენ, სადაც არაერთი საინტერესო თემის განხილვა მოხდება. 

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია -  „არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები“ მუშაობას ხვალ დაასრულებს.


სიახლეებში დაბრუნება