SCIF-2018 - მინერალური სასუქებისა და პესტიციდების მწარმოებელთა მსოფლიო კონგრესი

SCIF-2018 - მინერალური სასუქებისა და პესტიციდების მწარმოებელთა მსოფლიო კონგრესი

18-06-2018 15-19 მაისს ბათუმში ჩატარდა მინერალური სასუქებისა და პესტიციდების  მწარმოებელთა მსოფლიო კონგრესი - SCIF-2018, სადაც სტუ-ს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სახელით აქტიური მონაწილეობა მიიღეს ასოც. პროფ. მაია წვერავამ და მაგისტრატურის II კურსის სტუდენტმა, სალომე ჭეიშვილმა.

კონგრესის სამუშაო პროგრამა, ძირითადად, სამ მიმართულებას მოიცავდა: ბიზნეს-სექტორი, მწარმოებლები (ამ მიმართულების საწარმოთა წარმომადგენლები) და სამეცნიერო კვლევითი ნაწილი. მსოფლიო კონგრესი ეძღვნებოდა ინოვაციურ იდეებსა და გადაწყვეტილებებს მინერალური სასუქებისა და პესტიციდების წარმოებაში. წარმოდგენილი თემატიკა ეხებოდა ახალ ტექნოლოგიებს, ასევე, წარმოების აპარატურულ მომსახურებასა და ტექნიკის თანამედროვე მიღწევებს.

კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდნენ წარმომადგენლები მსოფლიოს 18 ქვეყნიდან (ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ინგლისი, გერმანია, ჰოლანდია, იტალია, კანადა, ლიეტუვა, ლუქსენბურგი, პოლონეთი, ბელორუსი, უკრაინა, ყაზახეთი, უზბეკეთი, აშშ, ჩეხეთი, შვეიცარია და რუსეთის ფედერაცია). კონგრესის ერთ-ერთი  მთავარი სპონსორი იყო სააქციო საზოგადოება „რუსთავის აზოტი“.

ასოც. პროფ. მაია წვერავამ კონგრესზე წაიკითხა მოხსენება „ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე ქიმიური სასუქების წარმოების ზოგიერთი ტექნოლოგიური გადაწყვეტა“, სადაც მან აღნიშნა, რომ ქიმიური წარმოების განვითარების პერსპექტივა მოიცავს არამარტო ამ მიმართულების ტექნოლოგიურ განვითარებას, არამედ მიღებული შედეგების მეცნიერულ გააზრებას. წარმოებისა და სამეცნიერო წრეების აქტიური თანამშრომლობა განსაზღვრავს ამ სფეროს წარმატებას.

კონგრესზე ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, ასევე, განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი სამუშაოები; საგანმანათლებლო  გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა და საქართველოში იმპორტირებული მინერალური სასუქებისა და პესტიციდების ვარგისიანობის ანალიზი ჩვენი ეკოსისტემისათვის.

სტუ-ს წარმომადგენლების კონგრესში მონაწილეობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

 

სიახლეებში დაბრუნება