Erasmus+ - სტუ-ს პროფესორები X საერთაშორისო კვირეულში “Erasmus+ გლობალური ხდება“ - ვილნიუსის გედიმინას ტექნიკურ უნივერსიტეტი

17-05-2018 23-27 აპრილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფ. რუსუდან ქუთათელაძე და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის  პროფ. ანა კობიაშვილი Erasmus+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში ვილნიუსის გედიმინას ტექნიკურ უნივერსიტეტში (ლიტვა) იმყოფებოდნენ.

ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა მონაწილეობა მიიღეს X საერთაშორისო კვირეულში “Erasmus+ გლობალური ხდება“. საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობდა მსოფლიოს 21 ქვეყნის 28 წარმომადგენელი გერმანიიდან, დანიიდან, პორტუგალიიდან, ჩილედან, პერუდან, ბრაზილიიდან, ინდოეთიდან, ეგვიპტიდან, მაროკოდან, სერბეთიდან, სლოვენიიდან, ირანიდან, ალბანეთიდან, სლოვაკეთიდან, რუმინეთიდან, ლატვიიდან.

ქართველმა პროფესორებმა წაიკითხეს საჯარო ლექციები სწავლისა და სწავლების თემაზე, ასევე, საქართველოს  ტექნიკური უნივერსიტეტის  სასწავლო და სამეცნიერო აქტივობების შესახებ, მიიღეს მონაწილეობა პანელურ დისკუსიებში საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრამის (ICMP) გლობალური გამოწვევების შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში სტუ-ის პროფესორებმა დაათვალიერეს ვილნიუსის გედიმინას ტექნიკური უნივერსიტეტის კამპუსი, ლაბორატორიები, კრეატიულობისა და ინოვაციების ცენტრი, გაეცნენ ლიტველი კოლეგების მდიდარ გამოცდილებას.

მობილობის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში მრგვალი მაგიდის ირგვლივ, რომელიც კრეატიული ინდუსტრიის ფაკულტეტზე ჩატარდა. დისკუსია კომუნიკაციის პრობლემების შესახებ სტუდენტთა მულტიკულტურულ გარემოში მიმდინარეობდა. რუსუდან ქუთათელაძემ და ანა კობიაშვილმა განიხილეს მომავალი თანამშრომლობის საკითხები სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან.

მობილობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და გედიმინას ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის არსებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა.

 

სიახლეებში დაბრუნება