საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „საერთაშორისო ნარკობიზნესთან ბრძოლის და ნარკომანიის გავრცელების საწინააღმდეგო თანამედროვე სამართლებრივი მექანიზმების და რეგულაციების შედარებითი ანალიზი“

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „საერთაშორისო ნარკობიზნესთან ბრძოლის და ნარკომანიის გავრცელების საწინააღმდეგო თანამედროვე სამართლებრივი მექანიზმების და რეგულაციების შედარებითი ანალიზი“

16-05-2018 16 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებითა და გერმანიის მსოფლიო და საერთაშორისო სისხლის სამართლის მაქს პლანკის ინსტიტუტთან თანამშრომლობით გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „საერთაშორისო ნარკობიზნესთან ბრძოლის და ნარკომანიის გავრცელების საწინააღმდეგო თანამედროვე სამართლებრივი მექანიზმების და რეგულაციების შედარებითი ანალიზი“.

კონფერენცია გახსნა და სტუმრებს მიესალმა ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფ. ლევან კლიმიაშვილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა გერმანულ დელეგაციას.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ გერმანიის მსოფლიო და საერთაშორისო სისხლის სამართლის მაქს პლანკის ინსტიტუტიდან პროფესორი, სტუ-ს საპატიო დოქტორი ჰანს იორგ ალბრეხტი; ფრაიბურგის მაქს-პლანკის საზღვარგარეთისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ყოფილი საბჭოთა ქვეყნების განყოფილების ხელმძღვანელი,  პროფ. ელიკო წიკლაური-ლამიხი; ბურიატსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფ. ელვირა რადნაევა (ულან უდე, რუსეთი); სტამბულის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფ. სელმან დურსუნი (თურქეთი); ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფ. კარიმ სალიმოვი (აზერბაიჯანი); ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები, მათ შორის, ჯემალ გახოკიძე, ირაკლი გაბისონია, ჯემალ ჯანაშია, ბესო კვირიკაშვილი და სხვები.

კონფერენციის მოხსენებები შეეხებოდა ისეთ თემებს, როგორიცაა კანონები ნარკოტიკების შესახებ მსოფლიოს მასშტაბით, ახალი რეგულაციები და მათი შედარებითი მიმოხილვა; საერთაშორისო ნარკოპოლიტიკის და საქართველოს ნარკოსტრატეგიის შედარებითი ანალიზი; ნარკოტიკულ დანაშაულთა ბრძოლის თანამედროვე ტენდენციები ყოფილ საბჭოთა კავშირში (რუსეთის მაგალითზე); ნარკოტიკული საშუალებების ან სტიმულანტების მოხმარების წესების რეგულაციები თურქეთის სისხლის სამართალში; პრევენციის როლი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესში; საქართველოში ნარკოტიკების მოთხოვნის შემცირებაზე გამიზნული სამედიცინო სერვისების პროგრამა; ნარკოლიბერალიზაციის შედეგების ზოგიერთი ასპექტი ჰოლანდიის მაგალითზე; ნარკოპოლიტიკა ყოფილ საბჭოთა კავშირში; გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზი და სხვა.

კონფერენცია შეაჯამა სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერმა, პროფ. ჯემალ გახოკიძემ, რომელმაც დადებითად შეაფასა კონფერენციის სამუშაო პროცესში გაჟღერებული რეკომენდაციები და მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს კონფერენციაში აქტიური მონაწილეობისთვის.

 

სიახლეებში დაბრუნება