პროექტი "ახალგაზრდა მკვლევრები სტუდენტებისათვის" - ლექცია "კრიპტოეკონომიკა და რეგულაციები“

პროექტი "ახალგაზრდა მკვლევრები სტუდენტებისათვის" - ლექცია "კრიპტოეკონომიკა და რეგულაციები“

11-05-2018 10 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მაგისტრმა გიორგი გურგენიძემ საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტის ბაკალავრების, მაგისტრებისა და დოქტორანტებისათვის წაიკითხა ლექცია თემაზე: „კრიპტოეკონომიკა და რეგულაციები“, რომელიც ეხებოდა კრიპტოეკონომიკის ზოგად მიმოხილვას და სიახლეებს ამ სფეროში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის დალი სეხნიაშვილის ინიციატივით, დაფუძნდა ახალი მიმართულება „ახალგაზრდა მკვლევრები სტუდენტებისათვის“, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა მკვლევრების შეხვედრებს დეპარტამენტის სტუდენტებთან. ახალგაზრდა მკვლევრები ატარებენ ლექციებს და აწყობენ დებატებს, სტუდენტებს უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას წარმატებისკენ.

ამჯერად შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტის უფროსი, პროფ. ალექსანდრე სიჭინავა, რომელმაც მადლობა გადაუხადა მომხსენებელს.

ლექციაზე ძირითადი აქცენტი გაკეთდა რეგულირების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, კერძოდ, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: კრიპტო აქტივების კლასიფიკაცია, ფინანსური ინსტრუმენტები, დასავლეთის ქვეყნებში არსებული მიდგომები რეგულირების კუთხით, თანხვედრის საკითხები კრიპტო ინფრასტრუქტურასა და ტრადიციულ ბაზრებს შორის.

ზემოაღნიშნული პრობლემები განხილულ იქნა რეგულაციების დონეზე და მოყვანილი იყო აშშ-სა და ევროკავშირის ჭრილიდან დანახული გამოწვევები. ლექციამ სტუნდენტების დიდი ინტერესი გამოიწვია. გიორგი გურგენიძემ უპასუხა დამსწრეთა მრავალრიცხოვან შეკითხვებს.

შეხვედრას ესწრებოდა Deehubs.com - ქართველი ახალგაზრდების მიერ დაარსებული უნიკალური სოციალური ქსელის - ვირტუალური და ფიზიკური სამყაროს დამაკავშირებელი პირველი სოციალური ქსელის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბაქარ მარუაშვილი, რომელიც, ასევე, საინტერესოდ პასუხობდა სტუდენტებისა და პროფესორების შეკითხვებს.

სტუდენტების ინიციატივით და თხოვნით, გიორგი გურგენიძე და ბაქარ მარუაშვილი ახლო მომავალში წაიკითხავენ საჯარო ლექციათა ციკლს კრიპტოეკონომიკის აქტუალურ საკითხებზე.

 

სიახლეებში დაბრუნება