Erasmus+ - სალექციო კურსი ლის თეორიის შესახებ

Erasmus+ - სალექციო კურსი ლის თეორიის შესახებ

09-05-2018 28 აპრილიდან 5 მაისამდე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში სტუმრობდა უნგრეთის დებრეცენის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი აგოტა ფიგულა (Agota Figula), რომელმაც სტუ-ს გამოთვლითი მათემატიკის დეპარტამენტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის წაიკითხა ლექციების კურსი ე.წ. ლის თეორიის (Lie theory) შესახებ. ლის თეორია წარმოადგენს მათემატიკის ნაწილს, რომელიც ალგებრულ, ანალიტიკურ და გეომეტრიულ მეთოდებს იყენებს.

აღსანიშნავია, რომ დოქტორი აგოტა ფიგულა დებრეცენის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა  და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია და მისი ლექციების კურსი სტუ-ში Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობს ტექნიკური უნივერსიტეტი და რომლის კოორდინატორია უნგრული უნივერსიტეტი.

მობილობის ფარგლებში ახალგაზრდა უნგრელი მეცნიერი შეხვდა სტუ-ს გამოთვლითი მათემატიკის დეპარტამენტის დირექტორს, პროფ. ვახტანგ კვარაცხელიას და დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებს. შეხვედრაზე განხილული იქნა ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები. უნგრელმა სტუმარმა, ასევე, მოინახულა სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი და გაეცნო ფაკულტეტზე მიმდინარე საგანმანთლებლო და სამეცნიერო პროცესებს.

სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნა უნივერსიტეტებს  შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

მობილობის პერიოდში გათვალისწინებული იყო კულტურული ღონისძიებებიც, რომლის ფარგლებშიც უნგრელმა სტუმარმა დაათვალიერა თბილისი და მისი ღირსშესანიშნაობები.

 

სიახლეებში დაბრუნება