Erasmus+ - სტუ-ს სტუდენტების წარმატება ალიკანტეს უნივერსიტეტის საერთაშორისო ვორკშოპზე

Erasmus+ - სტუ-ს სტუდენტების წარმატება ალიკანტეს უნივერსიტეტის საერთაშორისო ვორკშოპზე

06-05-2018 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მესამეკურსელებმა ანა გობეჯიშვილმა და ნინო შუბითიძემ, რომლებიც ერაზმუს+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში ესპანეთში, 
ალიკანტეს უნივერსიტეტში იმყოფებიან (2017-2018 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრი), მონაწილეობა მიიღეს ალიკანტეს უნივერსიტეტში სპეციალურად მიწვეული ცნობილი იტალიელი არქიტექტორის სერჯიო პონეს (Sergio Pone) საერთაშორისო პრაქტიკული სემინარის ფარგლებში ჩატარებულ კონკურსში და საუკეთესო ნამუშევარი შექმნეს. 


აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ვორკშოპი მიმდინარე წლის 29 იანვრიდან 2 თებერვლამდე მიმდინრეობდა ესპანურ უნივერსიტეტში, სადაც იტალიელმა პროფესორმა, რომელიც ხის კონსტრუქციებზე მუშაობს, ახალგაზრდებს გააცნო თავისი მუშაობის ტექნიკა, შემდეგ, კი, სპეციალურად მათთვის გამოყოფილი მასალით ალიკანტეს უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის კორპუსის შიდა ეზოსთვის დაამზადებინა სტრუქტურული მაკეტი. 5 მაკეტის შემქმნელებმა საბოლოოდ გააერთიანეს იდეები და დაიწყეს პროექტის რეალურად განხორციელება. მასალად გამოიყენეს ბამბუკი. სამი დღის განმავლობაში სერჯიო პონე თავადაც სტუდენტებთან ერთად მუშაობდა. იტალიელმა არქიტექტორმა იმ ჯგუფის ნამუშევარი გამოარჩია, რომელშიც ქართველი სტუდენტები იყვნენ.


პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ ალიკანტეს უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის ყველა ლექტორი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. სერტიფიკატების საზეიმო გადაცემის ცერემონიალზე მიწვეული იყო პრესა და ტელევიზია. ღონისძიება ესპანეთის მედიის საშუალებით გაშუქდა.


 

სიახლეებში დაბრუნება