სტუ-ს პროფესორის წარმატებული მონაწილეობა ზამთრის (ყინულჭრილში) ცურვის მე-11 მსოფლიო ჩემპიონატში

04-04-2018 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორმა, მსოფლიო ჩემპიონმა ბიატლსა და ტრიატლში (თანამედროვე ხუთჭიდი), ცნობილმა მოცურავემ ჰენრი კუპრაშვილმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობა მიიღო ზამთრის (ყინულჭრილში) ცურვის მე-11 მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც გაიმართა 2018 წლის 5-11 მარტს ესტონეთის დედაქალაქ ტალინში. 

ჰენრი კუპრაშვილი ერთადერთი იყო საქართველოდან „მორჟების“ მსოფლიო ასპარეზობაზე. მან იცურავა ბატერფლაით 25-მეტრიან და კროლით 25-, 50- და 100-მეტრიან დისტანციებზე, ასაკობრივ ჯგუფში J (70–75 წლოვანება). 40 ქვეყნის დიდი გამოცდილების მქონე ე. წ. მორჟების (1400 მონაწილე) მსოფლიო გრანდებთან ჭიდილში, ჰენრი კუპრაშვილმა მოიპოვა ბრინჯაოს მედალი ბატერფლაით ცურვაში (პირველზე გავიდა მსოფლიოს 15 გზის ჩემპიონი ვიაჩესლავ ტიხონოვი რუსეთიდან). ასევე, აიღო ორი მე-4 ადგილი (კროლი 50 და 100 მეტრი) და ერთი მე-7 ადგილი (კროლი 25 მეტრი).

ჰენრი კუპრაშვილი არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ვიცე-პოლკოვნიკი, ომის ვეტერანი, სპორტსმენი. მან სათავე დაუდო მსოფლიოში სრუტეთა გადაცურვის ახალ წესს, როდესაც გადაცურა დარდანელის სრუტე „მხედრული კოლხურით“. ის არის პირველი ქართველი საერთაშორისო მარათონელი მოცურავე მსოფლიო ჩემპიონი – ბიატლსა და ტრიატლში (2015); მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – ზამთრის ცურვაში (2018); ასევე, არის ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი; „მხედრული მამაცობისათვის“ საქართველოს სახელმწიფო მედლის მფლობელი; „სამაგალითო სამსახურისთვის“ უკრაინის შინაგანი ჯარების პირველი ხარისხის მედლის მფლობელი; ბაირონის საერთაშორისო საზოგადოების ოქროს მედლით დაჯილდოებული. მას მიღებული აქვს თავისუფლების მსოფლიო მედალი (ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტი); არის წლის ადამიანი - 2002 (გაზეთი "ახალი ეპოქა") და 2006 (ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტი); კეთილი ნების ელჩი – მსოფლიო რბენა ფრთები სიცოცხლისათვის (Wings for Life World Run); დავით აღმაშენებლის ჩოხოსანთა კავშირის „ჩოხოსნები – 1973“-ის შემქმნელი და თავმჯდომარე.

სტუ-ს პროფესორი ცურვის ეროვნული სახეობების შემსწავლელი პირველი სახელმძღვანელოს ავტორია და როგორც მეცნიერსა და პუბლიცისტს, გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნიერო შრომა, 400-ზე მეტი სტატია, 50-ზე მეტი მოხსენება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე და არის 2 გამოგონების ავტორი.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები