საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სტუ-ში

04-04-2018 3 აპრილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით, სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი შეხვდა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს.

შეხვედრა გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა ქალბატონ თამარ ჩუგოშვილს მობრძანებისათვის. რექტორმა ისაუბრა უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაზე და ხაზი გაუსვა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის შედეგებს და იმ ტენდენციებს, რომელსაც ანვითარებს ფაკულტეტი ისეთი ახალი დარგების ჩამოყალიბების კუთხით, როგორიცაა საინჟინრო სამართალი, საგამოძიებო სამართალი, ტრანსპორტის სამართალი და სხვ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა საჯარო ლექცია ჩაატარა სტუდენტებისთვის აქტუალურ საკითხებზე. მან ყურადღება გაამახვილა პარლამენტის საქმიანობაზე, კერძოდ, საზედამხედველო ფუნქციაზე და პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრაზე. ვიცე-სპიკერმა ხაზი გაუსვა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს პარლამენტს შორის  სამეცნიერო თვალსაზრისით თანამშრომლობის აუცილებლობას და ამომწურავად უპასუხა სტუდენტებისთვის საინტერესო შეკითხვებს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა გენდერული კვოტირება, საარჩევნო სისტემა, პარლამენტის წევრთა რაოდენობა,  საპენსიო სისტემის შემოღება და სხვ.
თამარ ჩუგოშვილს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. ირაკლი გაბისონიამ საჩუქრად გადასცა ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ფარგლებში გამოცემული სახელმძღვანელოები.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები