პროექტი PRINTeL - პირველი საორგანიზაციო შეხვედრა

პროექტი PRINTeL - პირველი საორგანიზაციო შეხვედრა

28-02-2018 15-16 თებერვალს, ევროკავშირის  მიერ დაფინანსებული ERASMUS+ პროგრამის PRINTeL პროექტის ფარგლებში, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პირველი საორგანიზაციო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, როგორც პროექტის კონსორციუმის წევრმა.

აღსანიშნავია, რომ  პროექტი PRINTeL (№585760-EPP-1-2017-1-AM-EPPKA2-CBHE-JP) წარმოადგენს ERASMUS+ პროგრამის ინსტიტუციური განვითარების პროექტს, რომლის კოორდინატორია ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სომხეთი). პროექტის კონსორციუმში შედიან უნივერსიტეტები სომხეთიდან, საქართველოდან, ბელარუსიიდან, ბელგიიდან, ესპანეთიდან, პორტუგალიიდან, შვედეთიდან და ავსტრიიდან. პროექტი ითვალისწინებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ინოვაციური სწავლისა და სწავლების ხელშეწყობას, სტუდენტებისთვის სწავლების გამოცდილების ასამაღლებლად. პროექტის მიზანია, ხელი შუწყოს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის - მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებას და ამასთან დაკავშირებით, გათვალისწინებულია უნივერსიტეტში შესაბამისი განვითარების ცენტრების შექმნა და სწავლისა და სწავლების ვირტუალური აკადემიის ჩამოყალიბება ინოვაციურ ტექნოლოგიების გამოყენებით.

საქართველოს მხრიდან, სტუ-სთან ერთად, პროექტის კონსორციუმის წევრები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი და იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტის კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტებია, ასევე, ერევნის ეროვნული პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (სომხეთი), ჰ. თუმანიანის სახ. ვანაძორის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სომხეთი), უმაღლეს განათლებაში სტრატეგიული კვლევების ეროვნული ცენტრი (სომხეთი), ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბელარუსის რესპუბლიკა), ბრესტის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი (ბელარუსის რესპუბლიკა), იანკა კუპალას სახ. გროდნოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბელარუსის რესპუბლიკა), ბარსელონას უნივერსიტეტი (ესპანეთი), პორტოს უნივერსიტეტი (პორტუგალია), ლინკოპინგის უნივერსიტეტი (შვედეთი), ლიუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი (ბელგია) და FH Joanneum გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (ავსტრია).

ერევანში გამართულ საორგანიზაციო შეხვედრაზე განხილული იქნა პროექტის სამუშაო პაკეტების დაგეგმვასთან და მათ განხორციელებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დეტალები და პროექტის აქტივობები, რომლებიც უნდა დაიგეგმოს 2018 წლისათვის.

შეხვედრაზე სტუ-ს წარმოადგენდნენ საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსი, პროფ. ოთარ ზუმბურიძე და ასოც. პროფ. ბორის გითოლენდია (ტრანსპორტისა და მანქანათმშენებლობისა ფაკულტეტი).

საორგანიზაციო შეხვედრასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის ცენტრის ვებგვერდები.

 

სიახლეებში დაბრუნება