ERASMUS+ - სალექციო კურსი სატრანსპორტო მიმართულებით ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

18-12-2017 11 – 15 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოც. პროფ. ბორის გითოლენდიამ (სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი) ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში წაიკითხა სალექციო კურსი პოლონეთის იგნაცი ლუკასევიჩის სახელობის ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (Rzeszow University of Technology – RUT).

ბორის გითოლენდიამ ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მენეჯმენტის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის წაიკითხა ლექცია თემაზე  „სატრანსპორტო- სატრანზიტო ტვირთების ზრდის შესაძლებლობები საქართველოში“ („Transport- transit traffic volume growth opportunities in Georgia“), ასევე მან საჯარო ლექციის ფორმატში სტუდენტებთან ვრცლად ისაუბრა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალსა და ამ მიმართულებით საქართველოში არსებულ გამოწვევებზე.

პროგრამის ფარგლებში საქმიანი შეხვედრები გაიმართა ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მენეჯმენტის ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან. შეხვედრაზე  საუბარი შეეხო აკადემიურ მობილობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხს და განხილული იქნა ერთობლივი სამეცნიერო პროექტების 
განხორციელების შესაძლებლობები და პერსპექტივები. შეხვედრას ესწრებოდნენ ქართველი სტუდენტებიც, მათ შორის სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტი შალვა ჩუბინიძე, რომლებიც ერაზმუს+ სტუდენტთა სასწავლო მობილობის პროგრამის ფარგლებში სწავლობენ ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში.

გითოლენდიამ პოლონელი პროფ. მიროსლავ სმიჟეკის (Mirosław Śmieszek) მასპინძლობით სტუმრობდა მენეჯმენტის ფაკულტეტზე არსებულ ლაბორატორიებსა და სასწავლო ცენტრებს; ასევე, საწარმოო ტექნოლოგიებისა და ავტომატიზაციის დეპარტამენტის ახალგაზრდა პროფესორმა რომან ვდოვიკმა (Roman Wdowik) მას დაათვალიერებინა მანქანათმშენებლობისა და აერონავტიკის ფაკულტეტის უნიკალურ სასწავლო და კვლევით ლაბორატორიები და გააცნო  ლაბორატორიების მუშაობის  სპეციფიკა.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე, გაიმართა შეხვედრა ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორთან პროფესორ გრიგორ ოსტაჟთან (Grzegorz Ostasz). შეხვედრაზე განხილულ იქნა ქართველი სტუდენტებისათვის პოლონეთში სწავლის შესაძლებლობები და ერაზმუს+  KA2 აქტივობის საგრანტო ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ფარგლებში ახალი ერთობლივი სასწავლო და სამეცნიერო  საპროექტო წინადადებები.

აღსანიშნავია, რომ პოლონურ უნივერსიტეტში გამართულ ყველა შეხვედრაზე წარდგენილი იყო ვრცელი პრეზენტაციები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესახებ.

პოლონეთის უნივერსიტეტში ვიზიტი განხორციელდა ერაზმუს+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და რომლის კოორდინატორია იგნაცი ლუკასევიჩის სახელობის ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები