Erasmus+ - სალექციო კურსი მეხილეობა-მებოსტნეობის მიმართულებით

11-12-2017 2-8 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტს სტუმრობდა პოლონეთის ვროცლავის გარემოს დაცვისა და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის (Wroclaw University of Environmental and Life Sciences – WUELS) დოქტორი პიოტრ ხოჰურა (Piotr Chohura).

პიოტრ ხოჰურა ვროცლავის უნივერსიტეტში ტექნოლოგიებისა და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების ფაკულტეტის თანამშრომელია. მან ტექნიკურ უნივერსიტეტში წაიკითხა ლექციების ციკლი მეხილეობა-მებოსტნეობის მიმართულებით, რომელსაც სტუდენტებთან ერთად ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებიც ესწრებოდნენ.

ლექციები კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, სადაც აუდიტორიისთვის საინტერესო შეკითხვებს პოლონელმა სტუმარმა ამომწურავი პასუხები გასცა.

ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუმრობისას გაიმართა სამუშაო შეხვედრები ფაკულტეტის დეკანთან, ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან, სადაც პოლონელი სტუმარი გაეცნო ფაკულტეტზე მიმდინარე აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობას, განხილული იქნა ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.
პოლონელმა სტუმარმა, ასევე, დაათვალიერა აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ლაბორატორიები.

სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში გამართულ შეხვედრაში საუბარი შეეხო ერაზმუს+  KA2 აქტივობის საგრანტო ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ფარგლებში ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებს.

ლექციების კურსი ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და რომლის კოორდინატორია ვროცლავის გარემოს დაცვისა და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები