პროექტი RETHINKe - I საერთაშორისო კონფერენცია "უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია: სტრატეგიები და გამოწვევები - IHE 2017"

პროექტი RETHINKe - I საერთაშორისო კონფერენცია "უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია: სტრატეგიები და გამოწვევები - IHE 2017"

17-10-2017 12 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა პირველი საერთაშორისო კონფერენცია "უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია: სტრატეგიები და გამოწვევები - IHE 2017" (Internationalization in Higher Education: strategies and challenges). კონფერენციის ორგანიზატორები იყო სტუ-ს არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტები.

ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის საგრანტო პროექტის RETHINKe - Reform of Education Thru International Knowledge exchange  (განათლების რეფორმა ცოდნის საერთაშორისო გაცვლის საშუალებით) პროექტის ფარგლებში.

კონფერენციაზე განხილული იქნა საგანმანათლებლო სისტემაში საერთაშორისო ურთიერთობებისა და ცოდნის გაზიარების საკითხები.

კონფერენციის პლენარულ სხდომაზე  სიტყვითა და მოხსენებით გამოვიდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ბ-ნი არჩილ ფრანგიშვილი; ლისაბონის არქიტექტურის ფაკულტეტის პრეზიდენტი ჟუაო პარდალ მონტეირო (პორტუგალია); ტემპუსის RETHINKe პროექტის ხელმძღვანელი ოქსანა რიბაკი - ტურჩანინა (პორტუგალია), ლისაბონის უნივერსიტეტის პროფესორი, RETHINKe პროექტის აკადემიური ნაწილის ხელმძღვანელი - ანტონიო კასტელბრანკო (პორტუგალია); RETHINKe პროექტის კოორდინატორი ტექნიკურ უნივერსიტეტში  ნინო ჩაჩავა (საქართველო).

ღონისძიებაზე აღნიშნული იქნა პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები, მათ შორის  ორმაგი ხარისხის პროგრამების მომზადება, როგორც  უმაღლეს განათლებაში ცოდნის გაზიარების, საკუთარი გამოცდილების, ეროვნული მიღწევების გააზრების, შეფასების ახალი პლატფორმა და  საერთაშორისო ევროპული  სტანდარტების სივრცეში ამ პლატფორმის გამოყენების  აქტუალობა და შესაძლებლობები.

დამსწრე საზოგადოებას პროექტის კოორდინატორებმა მიაწოდეს ინფორმაცია RETHINKe  პროექტის ფარგლებში საერთაშორისო უნივერსიტეტებთან ერთად ახალი, ორმაგი ხარისხის  საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებასთან დაკავშირებით, მათ შორის, წარმოდგენილი იყო  ლისაბონის უნივერსიტეტთან ორმაგი ხარისხის სადოქტორო ინგლისურენოვანი პროგრამა - „მდგრადი ურბანისტიკა“ (ხელმძღვანელი - ნინო ჩაჩავა); ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამა „არქიტექტურა“ (ხელმძღვანელი - დავით ბოსტანაშვილი); აკორუნას უნივერსტეტთან (ესპანეთი) - ქართული და ინგლისურენოვანი  სამაგისტრო პროგრამა „ჰიდროგეოლოგია და გარემოს დაცვა“ (ხელმძღვანელი - ნოდარ ფოფორაძე).

განხილული იქნა ორმაგი ხარისხის არქიტექტურისა და მდგრადი ურბანისტიკის პროგრამების შიდასაუნივერსიტეტო ხელშეკრულებები, რომლებიც პროექტის ფარგლებში დაიდო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ლისაბონის უნივერსიტეტს შორის, ამ პროგრამების განხორციელების  პირობები, ფორმები და საშუალებანი. ასევე, აღნიშნული  იყო ის ფაქტი, რომ მდგრადი ურბანისტიკის სადოქტორო პროგრამა საქართველოში გადის აკრედიტაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა  და საერთაშორისო კომისიის წინაშე.

RETHINKe პროექტის შედეგების განვითარების მორიგ წარმატებას წარმოადგენდა  კონფერენციის პლენარულ სხდომაზე ერაზმუს+ K107 გაცვლითი პროგრამის პროექტზე  შეთანხმება და ინტერინსტიტუციონალურ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და ლისაბონის უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის პრეზიდენტმა ჟუაო პარდალ მონტეირამ.
პლენარული სხდომის შემდეგ გაიმართა სექციური მუშაობა, სადაც წარმოდგენილ იქნა მოხსენებები საკუთარი გამოცდილების, საერთაშორისო საგანმანათლებლო სისტემასთან შედარებითი ანალიზის, ახალი საერთაშორისო ტექნოლოგიების, ელექტრონული სწავლებისა და უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული სხვა აქტუალური  საკითხების შესახებ.

 

სიახლეებში დაბრუნება