საერთაშორისო ოლიმპიადა

02-05-2011
V საერთაშორისო ოლიმპიადა პროგრამირებაში ილია ვეკუას თასზე
 
2 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საზეიმოდ დაიხურა მეხუთე საერთაშორისო ოლიმპიადა პროგრამირებაში ილია ვეკუას თასზე და დაჯილდოვდნენ გამარჯვებულები.
ოლიმპიადა 30 აპრილს გაიხსნა სტუ-ის პირველ კორპუსში არსებულ კომპიუტერულ ცენტრში და  ეძღვნებოდა გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, ილია ვეკუას ხსოვნას.
ღონისძიების გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე, სტუ-ის რექტორი, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ ფრანგიშვილი, ასევე, საორგანიზაციო კომიტეტის წევრები და სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
ოლიმპიადის ფარგლებში, 30 აპრილს ჩატარდა გუნდური შეჯიბრება, რომლის დასრულების შემდეგ შეჯიბრების ამოცანათა გარჩევა მოეწყო; ხოლო 1-ელ მაისს კი გაიმართა პირადი შეჯიბრება და აღნიშნული შეჯიბრების ამოცანათა გარჩევა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა პირველად უმასპინძლა ოლიმპიადას ილია ვეკუას თასზე. მანამდე საქართველოში ამ ღონისძიებას 2-2-ჯერ უმასპინძლეს შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა.
თბილისში წელს ჩამოვიდნენ გუნდები რუსეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და მოლდავეთიდან.
ოლიმპიადაში მონაწილეობას ღებულობდნენ მსოფლიოს პროგრამისტულ ელიტაში შემავალი მთელი რიგი გუნდები და ცალკეული მონაწილეები, მათ შორის წამყვანი ქართველი სტუდენტები და მოსწავლე პროგრამისტები.
ილია ვეკუას 2011 წლის თასი მოიპოვა სანკტ–პეტერბურგის გუნდმა; მეორე ადგილზე გავიდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი. ამ გუნდებს პირველი ხარისხის დიპლომები ერგოთ.
ილია ვეკუას ხსოვნისადმი მიძღვნილ ოლიმპიადაზე, ვეკუას თასის გარდა, წელსაც გათამაშდა 2 სპეციალური პრიზი. ნ. მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მიერ დაწესებული ნიკო მუსხელიშვილის პრიზით დაჯილდოვდა ოლიმპიადაში თბილისიდან მონაწილე საუკეთესო საზღვარგარეთული გუნდი (მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიდევ ერთი გუნდი, რომელიც ჩამოსული იყო თბილისში და მასვე ერგო მეორე ხარისხის დიპლომიც), ხოლო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ევგენი პანკრატიევის სახელობის პრიზით - ოლიმპიადის საუკეთესო გუნდი სამხრეთ კავკასიიდან (თსუ–ს გუნდი და მასვე ერგო მეორე ხარისხის დიპლომიც).
ხსენებულ პრიზებს წელს პირველად დაემატა აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის სახელობის პრიზი, რომელიც საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დააწესა და რომელიც საუკეთესო ქართველ მონაწილეს, მეოთხე ადგილზე გასულ ნიკოლოზ ჯიმშელეიშვილს გადაეცა.
დანარჩენი პრიზები შემდეგნაირად გადანაწილდა:
მესამე ხარისხის დიპლომი მოიპოვა აგრეთვე თსუ–ს კიდევ ერთმა გუნდმა.
მესამე ხარისხის დიპლომები მოიპოვეს ჩვენმა სტუმრებმა ვინიცის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტიდან პროფ. მესიურას მეთაურობით.
აღსანიშნავია მზიურის სასწავლო ცენტრის მოსწავლეთა გუნდის წარმატებული გამოსვლა ძალიან რთულ ამოცანათა პაკეტზე.
პრიზიორების გარდა კარგი შედეგი აჩვენა ბაქოს უნივერსიტეტ "კავკაზის" ორივე გუნდმა, თსუ–ს 3–მა გუნდმა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა.
პირად შეჯიბრში გაიმარჯვა სერგი როგულენკომ (მსუ), მეორე ადგილზე გავიდა ვიტალი ნევიდომი (ვინიცა) – ორივეს ერგო ფასიანი საჩუქრები და პირველი ხარისხის დიპლომები.
მესამე ადგილზე გავიდა სერგი ფიოდოროვი, მას ერგო მეორე ბარისხის დიპლომი.
მეორე ხარისხის დიპლომი დაიმსახურა კიდევ ორმა ახალგაზრდამ საქართველოდან – ლევან ვარამაშვილმა და გიორგი საღინაძემ.
მესამე ხარისხის დიპლომებით დაჯილდოვდა ის მონაწილეები, რომლებმაც ჩააბარეს 3–5 ამოცანა. მათ შორის აღმოჩნდა სასწავლო ცენტრ "მზიურის" აღსაზრდელი, კომაროვის სახელობის ფიზიკა–მატემატიკური სკოლის მოსწავლე, ნიკა ნადირაძე.
აღსანიშნავია, რომ ნომინანტებს შორის აღმოჩნდა ღონისძიების მასპინძელი, სტუ-ის წარმომადგენელი, მაგისტრანტი გიგა კოკაია,
წელს ოლიმპიადის სპონსორი იყო კომპანია ”IDS ბორჯომი საქართველო”.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები