"იტალიური დიზაინის დღე" დიზაინის საერთაშორისო სკოლაში

18-02-2017 22 თებერვალს, 12:00 სთ., საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლაში - IDS (კოსტავას 75ა. სტუ-სმე-8 კორპუსი, მე-2 სართული, შესასვლელი მარჯვენა მხრიდან) გაიმართება "იტალიური დიზაინის დღე", რომლის ორგანიზატორია IDS-ის ადმინისტრაცია, ხოლო პარტნიორები არიან იტალიის საელჩო საქართველოში, "დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი" და სტუ-ს "იტალიური ენისა და კულტურის ცენტრი".

აღსანიშნავია, 2017 წელს მსოფლიოს 100 უდიდეს ქალაქში პირველად ტარდება "იტალიური დიზაინის დღე" და მისი ორგანიზატორია მილანის ტრიენალე. ამ  ინიციატივის ფარგლებში იტალიური დიზაინის წამყვანი სპეციალისტები, ე.წ. "ელჩები", მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში გამართავენ "მრგვალ მაგიდას" და ისაუბრებენ იტალიური დიზაინისადმი მიძღვნილ თემებსა და მონაწილეთა მიერ წარმოდგენილ ნამუშევრებზე. ღონისძიება 24-საათიან რეჟიმში გაშუქდება სატელევიზიო და მასმედიის სხვადასხვა საშუალებებით. მონაწილეებს სმარტფონით გადაღებული მასალის განთავსება შეეძლებათ სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის შექმნილ ვებგვერდზე.

პროექტის "დიზაინის საერთაშორისო დღე" ძირითადი მიზანია, მოიზიდოს კიდევ უფრო მეტი უცხოელი ნიჭიერი ახალგაზრდა ან უკვე შემდგარი დიზაინერი და გზა გაუხსნას საერთაშორისო ბაზარზე. საგულისხმოა, რომ საუკეთესო ნამუშევრები გამოიფინება მილანის ტრიენალეზე, რომელიც 2018 წელს ჩატარდება.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ღონისძიებას გახსნის და იტალიური დიზაინის შესახებ მოხსენებას წაიკითხავს დიზაინის საერთაშორისო სკოლის დეკანი, პროფ. ნიკოლოზ შავიშვილი. მონაწილეებს სიტყვით მიესალმება იტალიის სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი ანტონიო ენრიკო ბარტოლი. 

"დიზაინის საერთაშორისო დღეს" დაესწრებიან იტალიის საელჩოს თანამშრომლები, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, IDS-ის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა "მრგვალი მაგიდა" და გამარჯვებულების დაჯილდოება კონკურსებში: "საუკეთესო ლოგოს დიზაინი" (საქართველოსა და იტალიის 25-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების აღსანიშნავად) და "საუკეთესო პოსტერის დიზაინი".
გამარჯვებულებს გადაეცემათ "დანტე ალიგიერის საზოგადოების" ADA - ს იტალიური ენის საერთაშორისო კურსების სასწავლო სტიპენდიები.
კომპეტენტური ჟიური დაასახელებს გამარჯვებულ სტუდენტებს, რომლებსაც პრიზებს იტალიის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი ანტონიო ენრიკო ბარტოლი გადასცემს.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები