IT Startup დღეები

25-02-2011
სტუ-ის სტუდენტებს IT Startup-ის პროექტი გააცნეს
 
24 თებერვალს სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის მცირე დარბაზში IT Startup პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას ეწრებოდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ქაშიბაძე, სტუ-ის ადმინისტრაციისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტისა და ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის სპეციალობის სტუდენტები.
შეხვედრის მიზანი სტუდენტებისთვის IT Startup-ის პროექტის გაცნობა და პროექტით ახალგაზრდების დაინტერესება იყო.
IT Startup დღეები საქართველოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამას წარმოადგენს და მისი მიზანი საქართველოში IT ინოვაციების ხელშეწყობაა. დეპარტამენტი ორგანიზებას გაუწევს ინტერნეტპროექტის იდეის ავტორის, ბიზნესის/მარკეტინგის სპეციალისტების, ვებდიზაინერებისა და ვებდეველოპერების, კომპიუტერული მეცნიერებებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მცოდნე ადამიანების, ექსპერტებისა და კონსულტანტების, კერძო ფირმების, ინვესტორებისა და ვენჩერული ფონდების თავმოყრას და ერთმანეთთან დაკავშირებას IT Startup დღეების ღონისძიების ფაგლებში. მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა შექმნან კოოპერაციაზე დამყარებული ინოვაციური ჯგუფები, რომელთაგან საუკეთესოები ინვესტორების წინაშე წარდგებიან. გარდა ამისა, პროექტში მონაწილეობა მისცემს მათ დიდ გამოცდილებას.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ინტერნეტსივრცესთან ან IT ინოვაციებთან დაკავშირებული იდეის ავტორებს (ერთს ან რამდენიმე კაცისგან შემდგარ ჯგუფს). რეგისტრაციის ჩანართში მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ, როგორც იდეის ავტორი, ვებდეველოპერი, ვებდიზაინერი, მარკეტინგის სპეციალისტი, ფინანსისტი, ბიზნესადმინისტრირების სპეციალისტი.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები