ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

16-02-2011
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
 
16 თებერვალს, სტუ-ში იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, სოსო წიქარიშვილმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიის ფაკულტეტის საინჟინრო გეოდეზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მერაბ თევზაძემ.
ურთიერთთანამშრომლობის მიზანია ქვეყანაში გეოდეზიის, კარტოგრაფიის, ტოპოგრაფიის, მიწის კადასტრისა და ამ დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისა და განვითარების ხელშეწყობა.
მემორანდუმის თანახმად, ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტურანტურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სტაჟირებას გაივლიან.
სტაჟირება, რომელიც 3-იდან 6 თვემდე გრძელდება, სტუდენტებს დაეხმარება როგორც მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გაანალიზებასა და განზოგადებაში, ისე კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სფეროში განახორციელონ თავიანთი ნაშრომები, სამეცნიერო კვლევებისთვის გამოიყენონ სააგენტოს მასალა და სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მემორანდუმის საფუძველზე, მოიზიდავს პროგრესულ საკადრო რესურსს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის წარმატებული კურსდამთავრებულების სახით და, შესაძლებლობის ფარგლებში, დაასაქმებს მათ.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები