მსოფლიო ჩემპიონატი პროგრამირებაში

30-12-2010
პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებლებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის 2010 წლის ნახევარფინალი
სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის და სამხრეთ კავკასიის ღია პირველობა
 
მიმდინარე წლის 23-27 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებლებს შორის მსოფლიო ჩემპოიონატის ნეხევარფინალი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის და სამხრეთ კავკასიის ღია პირველობა როგორც გუნდურ, ასევე პირად ჩათვლაში.
2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ კავკასიის 31-მა გუნდმა. აქედან 7 წარმოადგენდა აზერბაიჯანს, 11 - სომხეთს, 13 კი -საქართველოს. ასეთი წარმომადგენლობა რეკორდული იყო როგორც სომხეთისთვის, ასევე აზერბაიჯანისთვის. საქართველოს კი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში წარმოადგენდა სულ 4 უმაღლესი სასწავლებელი – ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, საერთაშორისო შავი ზღვის უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
ტრადიციულად, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალის პარალელურად ჩატარდა სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატი.
აღნიშნული ოლიმპიადა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა, და უნდა ითქვას, რომ მონაწილეთათვის იგი ჩატარდა პრაქტიკულად იდეალურ პირობებში. მთელი შეჯიბრების მანძილზე ადგილი არ ქონია არც ერთ ტექნიკურ დაყოვნებას და არც ერთ ორგანიზაციულ წუნს და ეს მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეთა რაოდენობა სარეკორდო აღმოჩნდა ამ ღონისძიებებისთვის. ამაში გადამწყვეტი როლი შეასრულა საორგანიზაციო კომიტეტმა, რომელსაც უხელმძღვანელა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. არჩილ ფრანგიშვილმა. შეჯიბრების ჟიურის თვმჯდომარე და დირექტორი გახლდათ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსირტეტის პროფესორები, ჰამლეტ მელაძე და თეოდორე ზარქუა, ხოლო ტექნიკური კომიტეტის თავმჯდომარე კი იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფ. ზურაბ წვერაიძე.
აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კავკასიის ნახევარფინალის სანიმუშო ორგანიზებისათვის, პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის დირექტორატისგან მიღებულ იქნა რამდენიმე სერთიფიკატი. სათანადო სერთიფიკატებით აღინიშნა მთლიანად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც ამ ღონისძიების მასპინძელი და, პერსონალურად, ბატონი არჩილ ფრანგიშვილი, როგორც საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე.
პროგრამირების ოლიმპიადები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ როგორც თავისთავად საინტერესო შეჯიბრება, არამედ, როგორც ღონიძიებები, რომელთა შედეგების მიხედვითაც ყალიბდება სახელმწიფოების რეიტინგები საინფორმაციო ტექნოლოგიების ჭრილში, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს ამ დარგში მოღვაწე უმსხვილესი ტრანსნაციონალური კომპანიების საინვესტიციო პოლიტიკას.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები