თბილისის არქიტექტურის სამსახურის სტაჟიორთა კონკურსი

21-09-2016
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახური არქიტექტურული და იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულებისთვის სტაჟიორთა კონკურსს აცხადებს.

სტაჟირების პროგრამა მიზნად ისახავს თბილისის არქიტექტურის სამსახურში მაღალკვალიფიციური საკადრო რესურსის შექმნას და არქიტექტურის სამსახურის სისტემაში სტაჟიორთა ახალი ნაკადის მომზადება საკადრო რესურსების კვლევაზე დაფუძნებული პროგრამით იწარმოებს. სამთვიანი პროგრამა მოიცავს ტრენინგების კურსებს და პროფესიულ პრაქტიკას არქიტექტურის სამსახურის სხვადასხვა განყოფილებაში. არქიტექტურის სამსახურის მომიჯნავე სტრუქტურებთან ურთიერთობის სპეციფიკის გაცნობის მიზნით, სტაჟიორები ესტუმრებიან მერიის სხვადასხვა სამსახურებს, თბილისის საკრებულოსა და რაიონულ გამგეობებს. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქის სტრატეგიული ობიექტებისა და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობების დათვალიერება.

არქიტექტურული და იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულებმა, რომელთაც თბილისის არქიტექტურის სამსახურში თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება სურთ, აპლიკაცია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით 30 სექტემბრამდე უნდა გააგზავნონ. 

კანდიდატები სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ შეირჩევიან.

თბილისის მერიის ინფორმაციით, წარმატებულ სტაჟიორებს სამსახურში დასაქმების შანსი მიეცემათ.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები