„სტუ-ს სტუდენტთა კეთილსინდისიერების საშემოდგომო ბანაკი/სკოლა და კეთილსინდისიერების თემური მშენებლობისა და სოციალური ანგარიშვალდებულების აქტივობები“

02-02-2016 „სტუ-ს სტუდენტთა კეთილსინდისიერების საშემოდგომო ბანაკი/სკოლა და კეთილსინდისიერების თემური მშენებლობისა და სოციალური ანგარიშვალდებულების აქტივობები“
2015 წლის 26-29 ნოემბერს ჩატარდა „სტუ-ს სტუდენტთა კეთილსინდისიერების საშემოდგომო ბანაკი/სკოლა“, რომელიც „სტუ-ს სტუდენტთა კეთილსინდისიერების საშემოდგომო ბანაკი/სკოლა და კეთილსინდისიერების თემური მშენებლობისა და სოციალური ანგარიშვალდებულების აქტივობები“ პროექტის პირველ ეტაპს წარმოადგენდა. ბანაკი/სკოლა მიმდინარეობდა არასამთავრობო ორგანიზაცია ბიბლიოთეკა-კულტურული ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ”თანადგომას” ოფისში და მასში მონაწილეობა მიიღო 13 ახალგაზრდამ: ღია კონკურსის წესით შერჩეულმა სტუ-ს 11 სტუდენტმა და ”თანადგომას” 2 ბენეფიციარმა.

ბანაკი/სკოლა მოიცავდა თემატურ სასწავლო სესიებს კეთილსინდისიერების, კორუფციისა და კორუფციის წინააღმდეგ სწავლების იმგვარი სრული საკლასო ტექნიკის გამოყენებით, როგორიცაა: ლექცია/პრეზენტაცია, მოწვეული სპიკერები, „ქეის-სთადი“, ფილმები და კრიტიკული დებატები. ღონისძიების მსვლელობისას გამოყენებულ იქნა სწავლების იმგვარი ინტერაქტიული და ექსპერიმენტალური მეთოდი, როგორიცაა ანალიტიკური გუნდები და „როლური თამაში“. ბანაკ/სკოლის ჩარჩოებში სტუდენტები, აგრეთვე, გაეცნენ კეთილსინდისიერების თემური მშენებლობისა და სოციალური ანგარიშვალდებულების აქტივობებს სტუდენტებისა და მოქალაქეებისათვის და შეისწავლეს ე.წ. სამოქალაქო ბარათების მეთოდი.

გასული წლის 10 - 12 დეკემბერს ბანაკ/სკოლის ორმა აქტიურმა მონაწილემ, სტუ-ს ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის ევროპისმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებმა მარიამ ბაგაურმა და თამუნა რობაქიძემ პროექტის ავტორთან და ტრენერ-ფასილიტატორთან, სტუ-ს ასოც. პროფესორ ხათუნა ჩაფიჩაძესთან ერთად მონაწილეობა მიიღეს და პროექტთან დაკავშირებით მოხსენება-პრეზენტაციები გააკეთეს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (ბუდაპეშტი, უნგრეთი), ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლისა და Integrity Action-ის ორგანიზებით გამართულ ვორკშოპში: „კეთილსინდისიერების განათლების შეფასება და მისი გავლენა - გაკვეთილები ნასწავლია ყოფილი სსრკ-სა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“.

მიმდინარე წლის იანვრის თვეში, პროექტის განხორციელების მეორე ეტაპზე, ბანაკ/სკოლის მონაწილეებმა ტრენერის ფასილიტაციით საუნივერსიტეტო ბარათებისთვის მათ მიერ ერთობლივად შემუშავებული კითხვარის საშუალებით ჩაატარეს სტუ-ს 500-მდე სტუდენტის გამოკითხვა და განახორციელეს საუნივერსიტეტო ბარათების შემდგომი ანალიზი კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით მათი საჭიროებების გამოსავლენად სტუ-ში. გამოკითხულთა შორის იყვნენ: ბიზნეს-ინჟინერინგის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის, სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობისა და ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტების სტუდენტები.

პროექტს სტუ-სთან თანამშრომლობით მხარი დაუჭირა ორგანიზაციამ Integrity Action (Integrity Action-ის კეთილსინდისიერების საგანმანათლებლო ქსელის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული მენეჯერი, დოქტორი ჰარუთინ ალექსანიანი გახლდათ ბანაკ/სკოლის მოწვეული სპიკერი) და განახორციელა არასამთავრობო ორგანიზაციამ ბიბლიოთეკა-კულტურული ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ”თანადგომა” და სტუ-ს ასოც. პროფესორმა ხათუნა ჩაფიჩაძემ.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები