სსე-ს სასწავლო ცენტრი - ელექტროენერგეტიკის პროგრამები

21-06-2016
სს. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) სასწავლო ცენტრი აცხადებს კონკურსს მსმენელთა მისაღებად ელექტროენერგეტიკის პროგრამებზე.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების ენერგეტიკის, ელექტრული ინჟინერიის და სხვა მონათესავე სასწავლო პროგრამების კურსდამთავრებულებს (ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხის მქონე) და დამამთავრებელი (მე-4) კურსის სტუდენტებს.

სასწავლო პროგრამები შედგენილია საქართველოს ენერგოსისტემის თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით და უზრუნველყოფენ ენერგეტიკულ საწარმოებში ახალგაზრდა ინჟინერთა დასასაქმებლად საჭირო ცოდნისა და პრაქტიკის სრულად მიღებას. სწავლებას ახორციელებენ ენერგეტიკის დარგში აღიარებული და სათანადო კომპეტენციისა და პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტები.

სწავლება ჩატარდება სსე-ის სასწავლო ცენტრში, რომელიც აღჭურვილია ელექტროსისტემაში დანერგილი თანამედროვე ტექნიკის/ტექნოლოგიების აპარატურითა და სტენდებით. ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე კი მოწყობილია ახალი სასწავლო პოლიგონი, სადაც განთავსებულია სახაზო ანძა, ამომრთველები, გამთიშველები, დენის და ძაბვის ტრანსფორმატორები, ძალოვანი ტრანსფორმატორი და სხვა ელექტრომოწყობილობები, მათი უკეთ შესწავლისა და მსმენელების მიერ სრულფასოვანი პრაქტიკის გავლის მიზნით.

სწავლება 2 სემესტრის განმავლობაში გრძელდება და მოიცავს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელები გაივლიან საწარმოო პრაქტიკას სსე-ის მოქმედ ობიექტებზე, კვალიფიციური პერსონალის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ, რაც უზურნველყოფს დარგში მუშაობის სპეციფიკის ახლოს გაცნობასა და მსმენელთა ადეკვატურ მომზადებას შესაბამის სპეციალობებზე.

სასწავლო პროგრამის სრულად გავლის შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ სწავლის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი და გაივლიან გასაუბრებას სსე-ის ხელმძღვანელობასთან მათი ცოდნის დონისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შემოწმების მიზნით, რის საფუძველზეც მოხდება მსმენელთა დასაქმება სსე-ის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში.

სწავლის მსურველებმა მიმდინარე წლის 15 ივნისიდან 5 სექტემბრამდე სსე-ის სათაო ოფისში (მისამართი: ქ. თბილისი, ბარათაშვილის ქ. №2) უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა
  • დიპლომის ასლი ან მე-4 კურსზე სწავლის დამადასტურებელი ცნობა უნივერსიტეტიდან; 
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ცნობა ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100ა);
  • 2 ცალი ფოტო სურათი 3×4-ზე და მისი ელექტრული ვერსია CD-ზე.
მისაღები კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: გასაუბრება და წერითი გამოცდა. გასაუბრების მიზანია სწავლის მსურველთა ზოგადი ცოდნის წარმოჩენა და მათი პროფესიული ინტერესების და კარიერული მიზნების გამოვლინება. გასაუბრების შედეგად შერჩეული კანდიდატები დაიშვებიან წერით გამოცდაზე, რომელიც გასაუბრებიდან რამდენიმე დღეში ჩატარდება. მისაღები გამოცდის ბილეთი მოიცავს 3 საკითხს გამოცდის საკითხების ნუსხიდან.

კონკურსი ჩატარდება 5-დან 18 სექტემბრამდე. კონკურსის ჩატარების ზუსტი თარიღი და ადგილი განთავსდება სსე-ის ვებგვერდზე.

მისაღებ კონკურსში გამარჯვებულთათვის სწავლა უფასოა.

დამატებითი ინფორმაციისათვის:
საკონტაქტო პირი - ნინო გვარამაძე
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის სასწავლო ცენტრის უფროსი
მობ.: 577 10 30 44

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები