სასწავლო ცენტრი

17-09-2010
სასწავლო ცენტრი
“შნაიდერ ელექტრიკ-თელასი”
 
17 სექტემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა სასწავლო ცენტრი “შნაიდერ ელექტრიკ-თელასი”, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სს “თელასისა”  და ფრანგული ფირმა Schneider Electric-ის ერთობლივი გადაწყვეტილებითა და სს “თელასის” დაფინანსებით.
ცენტრის მიზანია ელექტროენერგეტიკის დარგში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტების მომზადება საერთაშორისო სტანდარტების დონეზე და ენერგეტიკული პროფილის სპეციალისტების მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.
ცენტრის გახსნის საზეიმო ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი რუსუდან კერვალიშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ერიკ ფურნიე, სს „თელასის" გენერალური დირექტორი იური პიმონოვი და ზემოთ აღნიშნული კომპანიების ოფიციალური წარმომადგენლები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, ასევე, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და აკადემიური პერსონალი.
ცენტრის დაარსება უაღრესად მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონისათვის მაღალი ხარისხის საინჟინრო საგანმანათლებლო სივრცის შესაქმნელად, მით უფრო, რომ სასწავლო ცენტრის ანალოგი თავისი  დანიშნულებით, აღჭურვილობითა და კომპლექსურობით ევროპის საგანმანათლებლო სივრცეში არ არსებობს.
ტრენინგების საფუძველზე გადამზადდა 9 პედაგოგი, რომლებიც წლის განმავლობაში რვაასამდე სტუდენტის მომზადებას უზრუნველყოფენ. საქართველოში კომპანია Schneider Electric-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა არტურ გრიშანმა პედაგოგებს სერტიფიკატი გადასცა.
 


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები