უმაღლესი განათლების ფორუმი

24-03-2016
23 მარტს „რადისონ ბლუ ივერიაში“ უმაღლესი განათლების ფორუმი ჩატარდა, რომელშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ღონისძიება პროექტის - ”საჯარო დებატები საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის საკითხებზე” - ფარგლებში გაიმართა.

პროექტი ხორციელდება ”საერთაშორისო განათლების ცენტრის” მიერ ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით და მისი მიზანია ხელი შეუწყოს უმაღლესი განათლების სფეროში ინტერნაციონალიზაციის საკითხებით, უმაღლესი განათლების გლობალიზაციის მიერ შექმნილი გამოწვევებითა და შესაძლებლობებით აკადემიური საზოგადოების ფართო წრეების დაინტერესებასა და ამ კუთხით საჯარო და საუნივერსიტეტო პოლიტიკის განვითარებას.

2015 წ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში საჯარო დებატები ჩატარდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ბათუმში, ქუთაისში, ახალციხეში, თელავსა და თბილისში. დებატები მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა სტუდენტთა მობილობა, უმაღლესი განათლების ერთობლივი პროგრამები, საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო თანამშრომლობა, უმაღლესი განათლების ხარისხის შეფასების სისტემის ინტერნაციონალიზაცია, საქართველოს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობები და სხვა.

ფორუმზე, როგორც პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, წარმოდგენილი იყო საჯარო დებატების პროცესში გამოვლენილი საკვანძო საკითხები, რაც ხელს შეუწყობს ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის დიალოგის წარმართვას უმაღლესი განათლების სფეროში.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები