განათლების მე-6 საერთაშორისო გამოფენა თბილისში

19-02-2016
18-19 თებერვალს საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-6 საერთაშორისო გამოფენა – International Education Fair Georgia 2016 – გაიმართა. მასში, ტრადიციულად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიც მონაწილეობდა. 

გამოფენის ფარგლებში 14 სხვადასხვა ქვეყნიდან 100-ზე მეტი მონაწილე უნივერსიტეტი და საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრი იყო წარმოდგენილი. დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ, მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია საქართველოსა და მსოფლიოში არსებული საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, გაცვლითი პროგრამების, სტიპენდიების, გრანტებისა და სწავლის დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ.

წელს გამოფენა ყველაზე მრავალფეროვანი იყო მონაწილეების მხრივაც და ექსპო ჯორჯიას ოთხ პავილიონს მოიცავდა: მე-4, მე-5, მე-6 და მე-11. მონაწილე ქვეყნები: საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, ჰოლანდია, თურქეთი, ჩინეთი, უნგრეთი.

გამოფენის სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პირისპირ შეხვედროდნენ და გასაუბრებოდნენ მონაწილე უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე და ყველა საჭირო ინფორმაცია სწავლის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო უმაღლესი სასწავლებლები, საგანმანათლებლო სააგენტოები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ფონდები, სტუდენტური სერვისები, ტრეინინგ ცენტრები, უცხო ენების სასწავლო ცენტრები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე საელჩოების მიერ წარმოდგენილი სასწავლო პროგრამები.

გამოფენის საპატიო სტუმარი: 2016 წელს მედია ჰოლდინგმა gbtimes Georgia საგამოფენო ცენტრის ჩინური პავილიონი წარადგინა. ჰოლდინგის ეგიდით, გამოფენაში მონაწილეობდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, zhejiang province-ის სხვადასხვა უნივერსიტეტის 84 წარმომადგენელი და ოფიციალური პირები ჩინეთიდან.

განათლების საერთაშორისო გამოფენა ყოვეწლიური ღონისძიებაა, რომელსაც 12 000–ზე მეტი ადამიანი სტუმრობს და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები