საგრანტო კონკურსი უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის

15-02-2016
სამეცნიერო გრანტების კონკურსი ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსს ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის. კონკურსის  მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეცნიერებს, აიმაღლონ პროფესიული კვალიფიკაცია, დაამყარონ საერთაშორისო სამეცნიერო კონტაქტები, გაიღრმავონ გამოცდილება და აითვისონ კვლევის უახლესი ტექნოლოგიები უცხოეთის წამყვან სამეცნიერო ცენტრებში.

დაფინანსების მოსაპოვებლად, საგრანტო განაცხადის წარდგენა შეუძლია საქართველოში მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს-ახალგაზრდა მეცნიერს, რომელიც ფლობს ინგლისურ ან იმ ქვეყნის სახელმწიფო ენას, სადაც იგი გეგმავს სტაჟირების გავლას, აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, რომელიც მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღიდან ბოლო 7 წლის პერიოდში, ან არის რეზიდენტი ან დოქტორანტი და ეწევა სა­მეცნიერო-კვლევით საქმიანობას საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესე­ბულებაში.

ახალგაზრდა მეცნიერი, რომელსაც  მიღებული აქვს ამავე კონკურსის გრანტი ბოლო ერთი  წლის წინ,ვერ მიიღებს მონაწილეობას 2016 წლის კონკურსში (სტაჟირების კონკურსში მიღებული გრანტის პერიოდის დამთავრებიდან გასული უნდა იყოს არანაკლებ 1 წელი).

საგრანტო პროექტის მინიმალური ხანგრძლივობაა 2 თვე, ხოლო მაქსიმალური ხანგრძლივობა - 6 თვე. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია 7, 8 თვის მოთხოვნაც, რაც მოითხოვს აპლიკანტის მიერ სტაჟირების ვადების დამატებით დასაბუთებას. (დეტალური სამუშაო გრაფიკი დამატებით თვეებზე და მომწვევი მხარისგან დამატებითი თვეების საჭიროების წერილობითი დასაბუთება).

სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირება უნდა დაიწყოს 2016 წლის 1 ოქტომბრიდან და უნდა დასრულდეს 2017 წლის 1 ნოემბერს.

ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 35 000 ლარს.

კონკურსით მოთხოვნილი საპროექტო განაცხადი, შევსებული დანართებით და ყველა დანაჩენი შესაბამისი დოკუმენტაცია დასკანირებული PDF ფორმატის სახით უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულად, ფონდის ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: ig@rustaveli.org.ge, 2016 წლის 17 მაისის 18 საათამდე;

განცხადება ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2016 წ. კონკურსში მონაწილეობის შესახებ, ამობეჭდილი და ხელმოწერილი წარმოდგენილი უნდა იქნას ფონდის კანცელარიაში 2016 წლის 19 მაისის 17:00 სთ-მდე.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები