„მომავალი თბილისი დღეს 2015“ ვორქშოპი

13-10-2015
ვორქშოპი „მომავალი თბილისი დღეს 2015“ საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში

17 ოქტომბერს, 14:00 სთ., თბილისის სამხატვრო აკადემიაში (გრიბოედოვის ქ.N22), თბილისობის დღესასწაულზე „მომავალი თბილისი დღეს 2015“ საერთაშორისო სტუდენტური კონკურსის ფარგლებში გაიმართება ვორქშოპი, სადაც კონკურსში მონაწილე სტუდენტებისთვის სემინარს  ქართველი და უცხოელი ექსპერტები ჩაატარებენ. ვორქშოპზე კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი, პირველ ეტაპამდე  დამუშავებული პროექტების განხილვა მოხდება, სადაც სტუდენტები  დარგის სპეციალისტებისგან  კონსულტაციებს მიიღებენ.

ვორქშოპის ფარგლებში თბილისს ესტუმრება  კონკურსის ერთ-ერთი ორგანიზატორი "Peter Moennig Foundation"-ის თავმჯდომარე პიტერ მონიგი და  მისი  წარმომადგენელი მარკუს ბარი.
ასევე, ვორქშოპში მონაწილეობას მიიღებენ: "ACG Firm"-ის დირექტორი ნაბილ აბი ჩაკრა, "DVASTUDIO"-ს დირექტორი დავით ნაკაშიძე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელი ლევან ძაგნიძე, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ლექტორი დავით ჩიხლაძე, არქიტექტორი გია აბულაძე,   საქართველოს არქიტექტორთა კავშირის ხელმძღვანელი დავით აბულაძე, თბილისის სამხატვრო აკადემიისა და საქართელოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

ვორქშოპში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ თბილისის განვითარების ფონდის ელექტრონულ მისამართზე info@tdf.ge, სადაც აუცილებელია შერჩეული ობიექტის მითითება, ამ დროისთვის შესრულებული სამუშაოს მოცულობა  და ფორმატი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ნამუშვარი, ასევე, კონკურსანტის საკონტაქტო ინფორმაცია.

თბილისის განვითარების ფონდი, მერიის მხარდაჭერით,  2015 წლის საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურს „მომავალი თბილისი დღეს 2015“-ს "Peter Moennig" ფონდთან და "Tbilisi International Rotary Club"-თან  ერთად ატარებს.

კონკურსის მიზანია, თბილისის არქიტექტურისა და დედაქალაქის განვითარებაში აქტიურად ჩაერთონ სტუდენტები, რომელთაც საშუალება ეძლევათ საკუთარი იდეები, არქიტექტურული და არტისტული ნამუშევრები საინტერესოდ წარმოაჩინონ, არქიტექტურულ-ურბანულ-სივრცით ჭრილში შექმნან ინოვაციური პროექტები.

კონკურსში წარმოდგენილია ორი მიმართულება: საზოგადოებრივი (საჯარო) სივრცის კონცეფციის შექმნა (მოედანი, ქუჩა, პარკი, სკვერი და სხვა) და გაუქმებული/მიტოვებული, ნანგრევი ან მთლიანად დანგრეული ადგილის განვითარების ხედვა (მაგ. ძველი საწარმოო შენობები, უფუნქციო შენობა-ნაგებობები, ნანგრევები, ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ძველი ისტორული ან/და კულტურული შენობები/ძეგლები და სხვა).

საკონკურსო წინადადებების მიღება მიმდინარეობს 9 ნოემბრის 18:00 საათამდე, თბილისის განვითარების ფონდის ოფისში, მისამართზე - ძმები ზუბალაშვილების ქუჩა N48, მე-2 სართული.

საპრიზო ფონდი 7 ნომინაციაზე  14 000 ლარს  შეადგენს. კონკურსის შედეგების გამოვლენა 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე მოხდება, სადაც გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოება და საუკეთესო  პროქტების პრეზენტაცია მოეწყობა.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
ნათია ქემაშვილი, თბილისის განვითარების ფონდის პიარ-მენეჯერი 
ტელ: 557 219 007
ელ.ფოსტა:  n.kemashvili@tdf.ge


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები