იულიხის კვლევით ცენტრი - სამუშაო შეხვედრა

24-07-2015
სამუშაო შეხვედრა

23 ივლისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გერმანიის იულიხის კვლევით ცენტრს (FZJ) შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე უძღვებოდა. 
შეხვედრას იულიხის ცენტრისა და საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) წევრი უნივერსიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო კონსორციუმსა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ინსტიტუტებს (ენერგეტიკისა და კლიმატის კვლევითი ინსტიტუტი-IEK, ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტი-IKP, ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტი-INM, იულიხის ნეიტრონული მეცნიერების ცენტრი-JCNS, ინჟინერიის, ელექტრონიკისა და ანალიზის ცენტრალურ ინსტიტუტს (ZEA)) შორის გრძელვადიანი სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხებს. 
როგორც ცნობილია, იულიხის ცენტრთან თანამშრომლობით მნიშვნელოვნად გაიზრდება ქართველი სტუდენტებისა და მეცნიერების ჩართულობა იულიხის კვლევით ცენტრში მიმდინარე კვლევებში, რაც ქართველ სტუდენტებს საშუალებას მისცემს ეზიარონ საერთაშორისო გამოცდილებას, დაამყარონ ურთიერთობა თავიანთ კოლეგებთან და გახდნენ საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების სრულფასოვანი წარმომადგენლები. სამი ქართული სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა კვალიფიკაციის დამადასტურებელი საერთაშორისო დოკუმენტი მიიღონ.
გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრი და საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმი ქართველი მეცნიერების საქართველოში დაბრუნებას შეუწყობს ხელს და უზრუნველყოფს მათთვის ლაბორატორიების აღჭურვასა და სამუშაო პირობების შექმნას.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები