სამრეწველო ლაბორატორიები უნივერსიტეტებში

25-05-2015
უნივერსიტეტებში სამრეწველო ლაბორატორიები მოეწყობა

25 მაისს თბილისის მერიაში, პროექტის „ბიზნეს-ინკუბატორის“ ფარგლებში, თბილისის მერიას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა. 

„ბიზნეს-ინკუბატორი“, იგივე FabLab, „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ ერთ-ერთი მიმდინარე პროექტია. FabLab-ის მიზანია დამწყები მეწარმეების (Start Up-ების) და ინოვატორების ხელშეწყობა, რაც დაეხმარება და სტიმულს მისცემს ქვეყნის განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდას. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტებში მოეწყობა FabLab-ები - უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი 2 ინოვაციური, სამრეწველო ლაბორატორია. აღნიშნული პროექტის განხორციელება თბილისს რეგიონში ერთ-ერთ პირველ ქალაქად აქცევს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების დარგში. პროექტის ფარგლებში ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეეძლება FabLab-ში მუშაობა და მისთვის საინტერესო პროდუქციის შექმნა, რომელიც შეიძლება იყოს: 
• ტურისტული პროდუქტების წარმოება (თბილისის სიმბოლიკა და სხვა); 
• ახალი შენობების, ხიდების და სხვა მსგავსი სახის კონსტრუქციების მოდელირება და მაკეტირება; 
• კულტურულ ძეგლებზე დაზიანებული კომპონენტების რესტავრირება; 
• მუნიციპალური სკოლების და ბაღების შიდა ინფრასტრუქტურისთვის (ინტერიერისკომპონენტები, სათამაშოების და სხვა) მაკეტების და მოდელების შემუშავება; • თბილისის მასშტაბით ჩასატარებელი ღონისძიებებისთვის დეკორაციების, მაგიდების, სტენდების და სხვა რელევანტური ინვენტარის მოდელირება; 
• ახალი მონუმენტების და ძეგლების მაკეტების შემუშავება; 
• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ინფრასტუქტურის მოსაწყობი სხვადასხვა ტიპის მაკეტების მოდელირება; 
• სხვა ინოვაციური პროექტებისთვის თუ პროდუქტებისათვის მაკეტების და მოდელების შექმნა. 

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ დაიწყება პროექტის აქტიური ფაზა - გარემონტდება საოფისე ფართები, შეძენილი იქნება სპეციალური აღჭურვილობა და დანადგარები. ორივე FabLab-ის გახსნა მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში იგეგმება.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები