სტუდენტური პრაქტიკა

16-11-2009
ყაზბეგის რაიონში ჩატარებული 2009 წლის საველე-
გეოლოგიური სტუდენტური პრაქტიკა
 
 
მიმდინარე წლის ივლისის თვეში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის გეოლოგიის III კურსის სტუდენტები (3601 და 3602 ჯგუფები) 15 კაციანი შემადგენლობით ვიმყოფებოდით ყაზბეგის (სტეფანწმინდის) რაიონში საველე სასწავლო გეოლოგიურ პრაქტიკაზე, რაიონის გეოლოგიური აგებულების გასაცნობად და შესასწავლად.  პრაქტიკაზე ყოფნისას გეოლოგიური მარშრუტების გარდა, ჩვენი ექსპედიციის მიზანს წარმოადგენდა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მხარის ღირსშესანიშნაობების გაცნობა-დათვალიერებაც.

სტეფანწმინდის ხედი გერგეტის სამებიდან
 
2009 წლის სასწავლო გეოლოგიური პრაქტიკა, ჩვენს ცხოვრებაში განსაკუთრებული და ლამაზად გასახსენებელი პერიოდია, რომელმაც უკვე სათანადო ადგილი დაიკავა ჩვენს ტკბილ მოგონებებს შორის, მიუხედავად უნივერსიტეტში წარმატებული სწავლისა და შრომისა, დავრწმუნდით, რომ საველე პრაქტიკა აუცილებელი და ზოგჯერ გადამწყვეტიც კი არის სრულფასოვან სპეციალისტებად ჩამოყალიბებაში.
სხვადასხვა მარშრუტზე ყოფნისას ჩვენ გავეცანით ყაზბეგის რაიონის გეოლოგიურ აგებულებას, ჩვენი თვალით ვნახეთ თუ რა მატერიალური და კულტურული სიმდიდრის მფლობელები ვართ. გარდა შემეცნებითი მხარისა, პრაქტიკა საუკეთესო ადგილია შენი ჯგუფელების უკეთ გასაცნობად, სადაც საშუალება გეძლევა უფრო კარგად დაინახო ერთმანეთის დადებითი და უარყოფითი მხარე.
ყაზბეგის რაიონი გამორჩეულია გეოლოგიური მრავალფეროვნებით, მრავლადაა, როგორც ახალგაზრდა ვულკანური  წარმონაქმნები, ასევე მინერალური წყლები, ტრავერტინები, მოსაპირკეთებელი   ქვები და სხვა სასარგებლო წიაღისეული.

       
   ტრავერტინები თრუსოს ხეობაში    ვულკ.ცენტრი მყინვარწვერი

რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს ორი ცნობილი ვულკანური ცენტრი, როგორიცაა მყინვარწვერი და ქაბარჯინა. რაიონი საქვეყნოდაა განთქმული ულამაზესი ბუნებრივი ორნამენტებით გაჯერებული მოსაპირკეთებელი ქვებით, რომელიც “ყაზბეგის ქვის” სახელწოდებით არის ცნობილი.
ჰიდროგეოლოგიური თვალსაზრისით აღსანიშნავია მინერალური წყლის მრავალრიცხოვანი გამოსავალი, რომლებიც სასმელად და სამკურნალოდ უნიკალურია და ბევრ სნეულებას კურნავს.
       
მინერალური წყალი         
სოფ.გორისციხესთან
 
 მინერალური წყალი თრუსოს ხეობაში
სოფ. სიონთან მრავლად არის გამოფიტვის ფორმები, რომლებიც ხშირად ლახარებითაა წარმოდგენილი. ეს ფორმები საქართველოს სხვა ტერიტორიაზე არსად შეიმჩნება. ეს ყველაფერი ერთად უდიდეს ბუნების კომპლექსს ქმნის, რაც თვალწარმტაცი და მომაჯადოებელია მნახველთათვის, რასაც აღფრთობვანებაში მოჰყავს ქართველი და უცხოელი ტურისტი.
       
ლახარები სოფ.სიონთან
გრანიტების სფერული გამოფიტვა
დარიალის ხეობაში
ყაზბეგის რაიონი გეოლოგიასთან ერთად ცოცხალი ისტორიის ძეგლია. ის იმ კარიბჭეს წარმოადგენდა, რომელიც ჩრდილოელ მომთაბარე ტომებს ესაზღვრებოდა დარიალის კარით ანუ ã”ალანთა კარი”. თრუსო კიდევ ერთი ისტორიული კარიბჭე თავისი ზაკაგორის ციხით. გერგეტის სამება, რომელიც მყინვარის ძირში ამაყად გადმოჰყურებს და იფარავს ამ მხარეს. ულამაზესი და მიუვალი ციხესიმაგრეები, რომლებიც დღესაც ამაყად დგას ყველა სოფლის სადარაჯოზე. თამარის ციხე, რომელიც მდ.თერგის მარცხენა ნაპირიდან ამაგრებდა ოდესღაც დარიალის კარს.

       
   დარიალის ხეობა    ზაკაგორის ციხე თრუსოს ხეობაში

ეს თვალწარმტაცი ბუნება, ძირითადად ზღვის დონიდან 2000 მ-ზე მაღლა მდებარეობს. მისი უნიკალურ და ულამაზეს ფლორას და ფაუნას აღფრთოვანებაში მოჰყავს მნახველი. გვიხარია, რომ ჩვენ ეს პატივი გვერგო და საკუთარი თვალით ვნახეთ როგორც გეოლოგია ასევე ბუნების საოცრება – ყაზბეგი.

       
 ვულკანი დიდი ნეფისკალო 
   ჭიუხები

       
   გერგეტის სამება    ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი

ჩვენი დეპარტამენტის პროფესორები და სტუდენტები ვცხოვრობდით ერთ ჭერქვეშ და უამრავი დრო გვქონდა ერთმანეთის უკეთ გასაცნობად. თავისუფალ დროს ვიყენებდით, როგორც პროფესიული ცოდნის ასამაღლებლად, ასევე ერთმანეთს ვუზიარებდით დღის განმავლობაში მიღებულ ცოდნას და შთაბეჭდილებებს. რაც მთავარია ამ ექსპედიციამ გვასწავლა კოლექტიური მუშაობა და საშუალება მოგვცა სტუდენტობის წლებში მიღებული ცოდნა პრაქტიკულად გამოგვეყენებინა.
პრაქტიკამ შეგვძინა, როგორც პროფესიული ცოდნა, ასევე სასიამოვნო მოგონებები და ახალი მეგობრები. წინ ცხოვრებაში მრავალი სიახლე და წარმატებები გველის, მაგრამ პრაქტიკამ ყაზბეგის რაიონში ღირსეული ადგილი დაიკავა ჩვენს მოგონებებში, რისთვისაც გულითადი მადლობა გვინდა გადავუხადოთ სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის თანამშრომლებს პრაქტიკის მაღალ დონეზე ორგანიზებასა და მამაშვილური დამოკიდებულების გამო და საერთოდ ყველა იმ ადამიანს, ვინც დიდი თუ მცირე წვლილი შეიტანა ჩვენი პრაქტიკის კარგ ორგანიზებაში.

 


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები