სტუ-ის რექტორმა, საუნივერსიტეტო საზოგადოებამ და სტუდენტებმა 9 აპრილის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

სტუ-ის რექტორმა, საუნივერსიტეტო საზოგადოებამ და სტუდენტებმა 9 აპრილის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

 

სტუ-ის რექტორმა, საუნივერსიტეტო საზოგადოებამ და სტუდენტებმა 9 აპრილის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

09-04-2024
სტუ-ის რექტორმა, საუნივერსიტეტო საზოგადოებამ  და სტუდენტებმა 9 აპრილის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, ადმინისტრაციის წევრებმა და სტუდენტებმა პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას და გვირგვინით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი.

„35 წლის წინ საბჭოთა იმპერიამ ნიჩბებით აჩეხა, ტანკებით გადაუარა, ქიმიური იარაღით მოწამლა მრავალათასიანი მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეები. 35 წელია ყოველ 9 აპრილს მოვდივართ აქ, სადაც დაიღვარა თავისუფლებისათვის მებრძოლთა სისხლი, საიდანაც დაიწყო საქართველოს დამოუკიდებლობა.

9 აპრილს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ორმაგი დატვირთვა აქვს. ეს არის სევდიანი სიხარულით სავსე დღე. 1991 წელს, ხელისუფლებამ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, 1991 წლის 31 მარტს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, გამოსცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. პრეზიდენტმა გამსახურდიამ ბრძანა: „9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“ ქვეყნის ძირითად კანონში, კონსტიტუციაში კი ჩაიწერა: „საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით“.

დღეს, როცა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების მოლოდინშია, დღეს, როცა ხელისუფლებას ქვეყანა მშვიდობიანი გზით აღმშენებლობისკენ მიჰყავს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 9 აპრილს დაღუპულთა სულები „ზეციურ საქართველოში ხარობენ“ - დიდება გმირებს!

მშვიდობისა და მდგრადი განვითარების მიზანი ევროპული სტანდარტის განათლება,  მეცნიერების განვითარება,  მაღალი კვალიფიციური კადრების მომზადება, პროგრესითა და აღმშენებლობით ქვეყნის წინსვლაა. წარმატებები მინდა ვუსურვო საქართველოს მომავალ თაობას და მარადიული ხსოვნა მათ, ვინც ქვეყნის თავისუფლებას ჩაუყარეს საფუძველი. დიდება 9 აპრილის გმირებს! დიდება საქართველოს! დიდება ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის!“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

ინფორმაციისთვის, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ გმირთაგან ხუთი - ნატო გიორგაძე, გია ქარსელაძე, ნინო თოიძე, აზა ადამია და მანანა მელქაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები იყვნენ.

სიახლეებში დაბრუნება