სტუ-ის სამი სტუდენტი თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიანტი გახდა

სტუ-ის სამი სტუდენტი თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიანტი გახდა

 

სტუ-ის სამი სტუდენტი თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიანტი გახდა

05-04-2024
სტუ-ის სამი სტუდენტი თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიანტი გახდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამი ფაკულტეტის უმაღლესი რეიტინგის მქონე სამი სტუდენტი თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიანტი გახდა. სამივე სტუდენტს მიმდინარე სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრში საგანმანათლებლო ფონდი ყოველთვიურ სტიპენდიას დაუნიშნავს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიანტები გახდნენ 2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრის უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრები: სამშენებლო ფაკულტეტიდან - მშენებლობის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი ვახტანგ ჩხეტია; არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტიდან - არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი უჩა მჭედლიშვილი; აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტიდან - სასურსათო ტექნოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი შოთა იველაშვილი.

საქართველოში აკრედიტებული 6 სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, შერჩეულ 19 სტიპენდიანტ სტუდენტს თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის დირექტორი ლევან ბექაია და ფონდის პროექტების ხელმძღვანელი გოგა ჩანადირი სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ შეხვდნენ, სტიპენდიის მოპოვება მიულოცეს და სამომავლო წარმატებები უსურვეს. როგორც მათ აღნიშნეს, თითოეული წარჩინებული ახალგაზრდა საგაზაფხულო (მეორე) სემესტრის მანძილზე, ფონდისგან, ყოველთვიურად, 300 ლარის ოდენობით სტიპენდიას მიიღებს.

სტიპენდიანტებთან ერთად, შეხვედრას ფონდის პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, პროფესორი ნინო ნიშნიანიძე, სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი,  არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ნინო იმნაძე, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, აკადემიკოსი ედიშერ კვესიტაძე და სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი.

შეხვედრაზე სტიპენდიანტებსა და შეკრებილ საზოგადოებას ფონდის წარმომადგენლებმა სასტიპენდიო პროგრამის მიზნებსა და მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე ესაუბრნენ.

შეხვედრის დასასრულს სტიპენდიანტთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საგანმანათლებლო ფონდის დირექტორმა მიწვეულ წარჩინებულ სტუდენტებს სტიპენდიანტობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტიპენდიანტმა სტუდენტებმა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს - მათი შრომის დაფასებისა და მოტივაციის ამაღლებისთვის - და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს - მხარდაჭერისა და ფუნდამენტური განათლების მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს. სტუ-ის სტუდენტების თქმით, სასიხარულოა, როცა მათი შრომა ფასდება და მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის, სახელმწიფო სტიპენდიასთან ერთად, დამოუკიდებელი საგანმანათლებლო ფონდიც სტიპენდიით აჯილდოებს, რაც არა მხოლოდ ახალგაზრდების მოტივაციას, არამედ მათ პასუხისმგებლობასაც ზრდის.

დაჯილდოების ცერემონიაზე, სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, პროფესორმა ნინო ნიშნიანიძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის, სწავლის წახალისებისა და ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლებისთვის, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს მადლობა გადაუხადა და სტიპენდიანტებს წარმატებები უსურვა.

„სტიპენდიის მოპოვება არა მხოლოდ სტუდენტების გამარჯვებაა, არამედ დიდი სტიმულის მიმცემია ნებისმიერი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლებისთვის. საამაყოა, რომ ჩვენს უნივერსიტეტს, ქვეყანაში ერთ-ერთ უძველეს და წარმატებულ უმაღლეს სკოლას, რომელიც საინჟინრო-ტექნოლოგიურ და ჰუმანიტარულ დარგებში პროფესიონალ, კონკურენტუნარიან სპეციალისტებს ამზადებს, ასეთი მაღალრეიტინგული სტუდენტები ჰყავს. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტი, ვახტანგ ჩხეტია და არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტი უჩა მჭედლიშვილი უკვე მეორედ გახდნენ თამაზ ბექაიას ფონდის სტიპენდიის მფლობელები. ჩვენი უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტმა შოთა იველაშვილმა კი, პირველად მოიპოვა ფონდის სტიპენდია. სწორედ სწავლის წახალისება და მათ მიერ მოპოვებული ჯილდოები იქნება მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ნებისმიერი მოტივირებული და სწავლაზე ორიენტირებული  ახალგაზრდისთვის, რომელიც ხედავს, რომ ჩვენს საზოგადოებაში სწავლა დაფასებულია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, მადლობას ვუხდით თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს, მის ხელმძღვანელობას და ამ მნიშვნელოვან წარმატებებას ვულოცავთ ყველა ახალგაზრდას, რომელმაც სტიპენდია მოიპოვა“, - აღნიშნა ნინო ნიშნიანიძემ.

დაარსებიდან სამი წლის მანძილზე თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს 105 სტიპენდიანტი და 27 პრემიის მფლობელი ჰყავს, მათ შორის 21 ახალგაზრდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი და კურსდამთავრებულია. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და 6 პარტნიორ უნივერსიტეტთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი პრიორიტეტული ფაკულტეტების უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრებს, ყოველსემესტრულად, წამახალისებელ, ყოველთვიურ სტიპენდიას გადასცემს, ხოლო ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, პარტნიორ უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ყველაზე მაღალრეიტინგულ აბიტურიენტებს, ყოველწლიურად, ერთჯერადი პრემიით აჯილდოებს.

 

სიახლეებში დაბრუნება