შაბათის სკოლა

26-03-2009
შაბათის სკოლა
 
 ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლების მოსწავლეთათვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარატმენტის ბაზაზე დაფუძნდება ე.წ. “შაბათის სკოლა”, რათა უფროს­კლასელებმა დეპარტამენტის პედაგოგიური პერსონალის ხელშეწყობით და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენებით შეძლონ საბუნებისმეტყველო დისციპლინების შესწავლა, ხოლო დაინტერესების შემთხვევაში, პროფესიული მომზადება გააგრძელონ გეოლოგიის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის კურსდამთავრებულები წარმატებით საქმიანობენ გეოლოგიური პროფილის საწარმოებში, საბაჟოებზე, ბანკებში, მუზეუმებში, ნავთობისა და გაზის მომპოვებელ კომპანიებსა და სასწავლო-საკვლევ დაწესებულებებში. აქვე ფუნქციონირებს მოკლევადიანი კურსები შესაბამის სპეციალობებში ორიენტაციის მიზნით. დაინტერესების შემთხვევაში “შაბათის სკოლის” მსმენელები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ მათთვის საუსრველი სპეციალობების შესახებ.
“შაბათის სკოლაში” სწავლების კურსი მიზნად ისახავს მოსწავლეთა დაინტერესებას, რათა ისინი გასცდნენ სასწავლო სახელმძღვანელოების ჩარჩოებს, რაც სასკოლო პროგრამის საბაზისო ცოდნას გააფართოებს და გაამდიდრებს.
“შაბათის სკოლის” პროგრამაში შედის ლექციების, ექსკურსიების და საუბრების ჩატარება - დედამიწის წარმოშობის, აგებულების და განვითარების ისტორიის, მასში მიმდინარე სხვადასხვა პროცესების, მათ შორის, მიწისძვრების და ვულკანიზმის, მიწის ქერქის ნივთიერი შედგენილობის, ქანების და მინერალების, როგორც სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალის, თავისებურებების და მათი გამოყენების სფეროების, საიუველირო და სანახელაო ქვების, მინერალების, როგორც ბუნების საოცრების, ასევე ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს განვითარების ისტორიის შესახებ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე სამეცნიერო-კვლევითი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გარდა, გეოლოგიური პროფილის სამი სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია-მუზეუმია: ზოგადი გეოლოგიის და პალეონტოლოგიის, “მინერალოგიის და პეტროგრაფიის და “წიაღისეულის საბადოების”, რომლებიც დანიშნულებით სასწავლო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებია. მუზეუმები ფართო პროპაგანდას უწევს არა მარტო მინერალების, ქანების, მადნების და განამარხებული ორგანიზმების შესახებ არსებულ ცოდნას, არამედ შეუზღუდავად აწვდის კოლექციონერებსა და მრავალ დაინტერესებულ პირს სრულფასოვან ინფორმაციას ეროვნული და მსოფლიო მნიშვნელობის თვალსაჩინო გეოლოგიური ექსპონატების შესახებ.
მუზეუმებში სტუდენტებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის პრაქტიკულ მეცადინეობებთან ერთად რეგულარულად ტარდება თემატური ექსკურსიები და სემინარები. ამ მუზეუმებში წარმოდგენილია ქართველ გეოლოგთა მრავალი თაობის მიერ შეგროვილი საქართველოს და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ცნობილი და ზოგჯერ უნიკალური მადნების, მინერალების, ქანების ნიმუშები და პალეონტოლოგიური მასალა, რომელიც ორიგინალურობით მრავალფეროვნებით და წარმომადგენლობით ტოლს არ უდებს მოწინავე ქვეყნების მუზეუმებში დაცულ ექსპონატებს.
მოსწავლეებს მუზეუმებში შეუძლიათ პალეონტოლოგიური ნიმუშების და მაკეტების, მინერალების, ქანების და მადნების დათვალიერება, აღწერა და გამოყენება საკონფერენციო მოხსენებებისთვის.
მუზეუმებში პერიოდულად მოეწყობა თემატური სემინარები, საკონსკურსო კონფერენციები, დისკუსიები, ვიდეომასალის ჩვენება. შესაძლებელია მოსწავლეთა მომზადება რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად.
მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის მოეწყობა საველე გეოლოგიური ბანაკები (კარვებში ცხოვრება), სადაც გეოლოგიურ დაკვირვებებთან ერთად მოსწავლეები გაეცნობიან რაიონის ისტორიულ, არქიტექტურულ თუ სხვა ღირშესანიშნაობებს, მოეწყობა ველზე შეგროვილი გეოლოგიური ნიმუშების გამოფენა მუზეუმებში.  

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები