სტუ-ში პროფესორ ვიდას კავალიუსკასის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა

სტუ-ში პროფესორ ვიდას კავალიუსკასის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა

 

სტუ-ში პროფესორ ვიდას კავალიუსკასის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა

17-11-2023
სტუ-ში პროფესორ ვიდას კავალიუსკასის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელის, ლინგვისტის, სტუ-ის საპატიო დოქტორის, ვილნიუსის ბიზნესკოლეგიის პროფესორის, ვიდას კავალიუსკასის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. 

ღონისძიებას, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა, ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება ანდრიუს კალინდრა, საელჩოს წარმომადგენლები, სტუდენტები, ვიდას კავალიუსკასის კოლეგები და მეგობრები ესწრებოდნენ. 

სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა ღონისძიებაში მონაწილეობისათვის. როგორც რექტორმა აღნიშნა, პროფესორ ვიდას კავალიუსკასს დიდი წვლილი მიუძღვის ორი ქვეყანის - საქართველოსა და ლიეტუვას რესპუბლიკას შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში. რექტორის თქმით, დიდია მისი ღვაწლი არა მხოლოდ ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების საუნივერსიტეტო ცენტრის წარმატებით ფუნქციონირების, არამედ საქართველოსა და ლიეტუვას შორის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული კავშირების გაძლიერების მხრივაც.

„ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრს, ჩემი წარდგინებით და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩვენი კოლეგის, მეგობრისა და მეცნიერის სახელი მისი გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა. დღეს ჩვენ ვიხსენებთ ვიდას კავალიუსკასს, რომელმაც, საქართველოსა და ლიეტუვას რესპუბლიკას შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით, უდიდესი წვლილი შეიტანა. სწორედ მისი ინიციატივით დაარსდა უნივერსიტეტში ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი და სტუდენტებს მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ ლიეტუვის რესპუბლიკის ისტორიას, მის კულტურასა და ადათ-წესებს. აღსანიშნავია, რომ ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება ანდრიუს კალინდრა აქტიურად იღებს მონაწილეობას ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობაში და დიდ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, როგორც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩი ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა დავით გურგენიძემ. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორ ვიდას კავალიუსკასს, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, გარდაცვალების შემდეგ, სტუ-ის ოქროს მედალი მიანიჭა. როგორც დავით გურგენიძემ განაცხადა, სტუ-ის ოქროს მედალი ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ოფისში თვალსაჩინო ადგილს დაიკავებს. 

ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ანდრიუს კალინდრამ მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, პირადად რექტორს, დავით გურგენიძეს, ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელსა და სტუდენტებს პროფესორ ვიდას კავალიუსკასის ხსოვნის საღამოს გამართვისა და სახელის უკვდავყოფისთვის. 

ღონისძიების დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა და ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ვიდას კავალიუსკასის მემორიალური დაფა გახსნეს. 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი, რომელსაც პროფესორი ვიდას კავალიუსკასი ხელმძღვანელობდა, 2012 წელს შეიქმნა. ცენტრს 2018 წლის 26 მაისს ლიეტუვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე სტუმრობდა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ცენტრი საშუალებას აძლევს, აქტიურად შეიწავლონ ლიეტუვური ენა, ეზიარონ მეგობარი სახელმწიფოს კულტურას და მონაწილეობა მიიღონ ლიეტუვის საგანმანათლებლო პროექტებში.



სიახლეებში დაბრუნება