ვიზიტი

11-09-2008

რუმინეთის ელჩის ვიზიტი სტუ-ში

10 სექტემბერს საქართველოში რუმინეთის ელჩის პროფ. დან მიხაი ბერლიბას ინიციატივით სტუ-ში შედგა შეხვედრა მასა და სტუ- რექტორს პროფ. არჩილ მოწონელიძეს შორის. შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ პროფესორები არჩილ ფრანგიშვილი, გიორგი სალუქვაძე, სერგო ესაძე.

ბატონმა ელჩმა ვრცლად ისაუბრა პირადად მისი და მისი ქვეყნის დამოკიდებულების შესახებ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე. მისი განცხადებით რუმინეთი ცალსახად უჭერს მხარს ქართველ ხალხს მის ბრძოლაში. “საქართველომ გადაწყვიტა დაემყარებინა წესრიგი საკუთარ სახლში და ეს გადაწყვეტილება პატივისცემას იმსახურებს”.

ელჩის თქმით, რუმინეთიდან უკვე ჩამოვიდა დიდი რაოდენობით ჰუმანიტარული დახმარება. დახმარებების მიწოდება მომავალშიც გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ რუმინეთი აპირებს აქტიურად დაეხმაროს საქართველოს ომის დროს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაში. პირველ რიგში, ეს შეეხება ხიდებს, რკინიგზას, აგრეთვე დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

ჩვენ ვიმუშავებთ არა მხოლოდ გორსა და ფოთში, არამედ მთელ საქართველოში. რამდენიმე წლის წინ ევროკავშირში სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით არ იყო ერთიანობა, საქართველოსთან მიმართებაში კი ყველა ერთსულოვანი იყო. შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ ევროპა გააერთიანა”-დასძინა ელჩმა.

აღსანიშნავია, რომ ბატონი ბერლიბას განცხადებით რუმინეთი კვლავ გააგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას სამხედრო სფეროში და ამას არც დამალავს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სტუ-სა და რუმინეთის უმაღლეს სასწავლებლებს შორის (ბუქარესტის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი) მჭიდრო აკადემიური კონტაქტების დამყარებასა და მომავალში სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას.. სტუ- რექტორის განცხადებით მომზადდება მემორანდუმი, რომლის დეტალებიც დაზუსტდება დეკემბერში ბუქარესტის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლის ვიზიტის დროს.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები