Erasmus+ პროექტი HERD - პირველი საორგანიზაციო შეხვედრა

Erasmus+ პროექტი HERD - პირველი საორგანიზაციო შეხვედრა

04-03-2019 27 – 28 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამის ინსტიტუციური განვითარების პროექტ HERD-ის „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა” პირველი საორგანიზაციო შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრას ესწრებოდნენ თსუ-ს რექტორი გიორგი შერვაშიძე; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე; Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის კოორდინატორი ლიკა ღლონტი; პროექტის კოორდინატორი, თსუ-ს პროფესორი მარინე ჩიტაშვილი და პროექტის კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების წარმომადგენლები. 

HERD პროექტის კონსორციუმი შედგება 17 სრული და 3 ასოცირებული პარტნიორისგან, მათ შორისაა: საქართველოს 12 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, 5 სამთავრობო სააგენტო და 3 ევროპული უნივერსიტეტი. 

პროექტის ხანგრძლივობა 2 წელია. მისი ძირითადი მიზანია წევრი უნივერსიტეტების კვლევითი სამსახურების მოდერნიზაცია, კვლევითი პოტენციალისა და ხარისხის გაზრდა, სწავლებისა და კვლევის კომპონენტების ინტეგრირება ინსტიტუციურ დონეზე. აღნიშნული მიზნის მისაღწევად პროექტით ხორციელდება შემდეგი აქტივობები: საქართველოს 12 უნივერსიტეტისთვის ერთობლივი კვლევითი პლატფორმის შექმნა; საქართველოს კვლევითი ინტერნეტპორტალის შექმნა; კვლევების მენეჯმენტისა და მონაცემთა ანალიზის დამუშავებისთვის საჭირო უნარების გაუმჯობესება ადმინისტრაციული პერსონალისთვის; წევრ უნივერსიტეტებში კვლევის პოტენციალის გაზრდის ხელშეწყობა. 

პირველ საორგანიზაციო შეხვედრაზე განილული იქნა პროექტის დაწყების პირველი ფაზა, დაიგეგმა პირველი წლის განმავლობაში განსახორციელებელი ღონისძიებები, პროექტის ადმინისტრირებისა და განხორციელების გზები.

შეხვედრაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან მონაწილეობას ღებულობდნენ რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფ. ზურაბ გასიტაშვილი; მეცნიერების დეპარტამენტის უფროსი, პროფ. დავით თავხელიძე; საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტეის სამსახურის უფროსის მოადგილე, ასისტ. პროფ. ნინო ჟიჟილაშვილი და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი უფროსი მასწავლებელი გიორგი მამათელაშვილი.

 

სიახლეებში დაბრუნება