საერთაშორისო პროექტ HERITAG-ის ფინალური შეხვედრა და HERITAG-CulturWB-ის ერთობლივი შეხვედრები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართება

საერთაშორისო პროექტ HERITAG-ის ფინალური შეხვედრა და HERITAG-CulturWB-ის ერთობლივი შეხვედრები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართება

01-04-2019

2019 წლის 3 – 5 აპრილს, 10:00 საათიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ევროკავშირის ERASMUS+ პროგრამით დაფინანსებული საერთაშორისო პროექტ HERITAG-ის ფინალურ შეხვედრასა და HERITAG-ისა და მისი პარტნიორი CulturWB-ის პროექტის ერთობლივ შეხვედრებს უმასპინძლებს.

3 და 4 აპრილს, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებული შეხვედრები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, გიორგი ნიკოლაძის სახ. დარბაზში ჩატარდება, 5 აპრილს კი, სტუ-ის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში შედგება (ადმინისტრაციული კორპუსი). სამივე დღეს, მონაწილეთა რეგისტრაცია 09:30-დან 10:00 საათამდე გაგრძელდება. 

ERASMUS+ პროგრამით დაფინანსებული პროექტი HERITAG-ი  - „უმაღლესი განათლების ინტერდისციპლინარული რეფორმა ტურიზმის მართვისა და გამოყენებითი გეოინფორმატიკის სასწავლო პროგრამებში“ (HERITAG - Higher Education interdisciplinary Reform in Tourism management and Applied Geoinformation curricula) - ეხება გეოსივრცული ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებას, ამ სფეროში მეტი განათლებისა და ტრენინგის საჭიროებას, ასევე, ამ მიმართულებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ტურიზმის დარგების შესაძლებლობათა გაძლიერებას. 

პროექტი HERITAG-ი საქართველოსა და სომხეთში ოთხ ევროპელ პარტნიორთან თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტის კოორდინატორია ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (ესპანეთი); ვებგვერდი: http://heritag.webs.upv.es

საქართველოში პროექტ HERITAG-ის პარტნიორები არიან: საქართველოს ტექნიკური, ილიას და  ბათუმის სახელწიფო უნივერსიტეტები, „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო“ და კომპანია „გეოგრაფიკი“. 

პროექტის პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეგიდით პროექტის მართვას ახორციელებს სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის საინჟინრო გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის დეპარტამენტი (დეპარტამენტის უფროსი მალხაზ ხურციძე). შესრულებული საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია პროექტის ვებგვერდზე: http://HERITAG.ge


 

სიახლეებში დაბრუნება