პატრიარქი სტუ-ში

14-06-2013
პატრიარქი ტექნიკურ უნივერსიტეტში კონფერენციას დაესწრო
 
14 ივნისს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქართველოლოგიურ კონფერენციას დაესწრო. სტუ-ის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრისადმი მიძღვნილი ქართველოლოგიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო - მომავლისა“ ჩატარდა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს საპატრიარქო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი, საქართველოს საინჟინრო აკადემია. 
სტუ-ს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. 
კონფერენციის შემდეგ ტექნიკური უნივერსიტეტის თვითშემოქმედებითმა კოლექტივებმა პატრიარქის პატივსაცემად კონცერტი გამართეს.
პატრიარქმა მადლობა გადაუხადა სტუ-ის რექტორს, არჩილ ფრანგიშვილს, თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელს, მეუფე ანანიას. მან დალოცა ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. უწმინდესმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საჩუქრად წმინდა თამარ მეფის ნაქარგი ხატი გადასცა და შეახსენა, რომ ეს წელი თამარის წლადაა გამოცხადებული. პატრიარქმა ასევე აღნიშნა, რომ ყოველი შაბათი წიგნის დღედაა დაწესებული და 15 ივნისს, 12:00 სთ, დამსწრე საზოგადოება მიიწვია საჯარო ბიბლიოთეკაში, სადაც ვაჟა-ფშაველასადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
 
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები